ახალი ამბები

მთავრობისგან დასავლური ინტეგრაციის მიმართ ენთუზიაზმი განელებულია – ბენ ჰოჯესი

21 ნოემბერი, 2019 • 1526
მთავრობისგან დასავლური ინტეგრაციის მიმართ ენთუზიაზმი განელებულია –  ბენ ჰოჯესი

“ამერიკის ხმასთან” საუბრისას გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროინტეგრაციის მიმართ ინტერესი შესუსტებულია.

„საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი. მაგრამ სექტემბერში თბილისში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, განვიცდი იმას, რომ მთავრობისგან იგივე ენთუზიაზმი ვერ ვიგრძენი, როგორც მანამდე ვგრძნობდი. ჯარი ისეთივე პროფესიონალური და თავდადებულია, როგორც ყოველთვის. მაგრამ, მართალი გითხრათ, მთავრობის წარმომადგენლებისგან დასავლური ინტეგრაციის მიმართ ენთუზიაზმი განელებულია.”

“ამერიკის ხმასთან” მან ანაკლიის პორტის პროექტის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ შავი ზღვის ქვეყნების უსაფრთხოება და ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით დასრულება ერთმანეთთან დაკავშირებული თემებია.

“თუ ანაკლია ისეთ პორტად აშენდა, როგორიც მას შეუძლია იყოს, მაშინ საქართველო ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური პორტალი გახდება. ევროპული კომპანიები საქართველოში ინვესტიციებს ჩადებენ. ამით საქართველოს უსაფრთხოება ავტომატურად გაუმჯობესდება იმის გამო, რომ მისი დაცვით ყველა დაინტერესებული იქნება. სწორედ ამიტომ არ სურს რუსეთს მისი აშენება”,-ამბობს ის.

გენერალი ჰოჯესის თქმითვე, ანაკლიამ საქართველოში შესაძლოა ამერიკის სამხედრო გემებიც მიიზიდოს. „დღეს ამერიკის საზღვაო ძალები, მონტროს კონვენციის გათვალისწინებით, შავ ზღვაში ოდესის და კონსტანცის პორტებს სტუმრობენ. მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი პორტის აშენების შემთხვევაში, როგორიცაა ანაკლია, ვფიქრობ, ისინი მარტივად ისარგებლებდნენ პორტით პროფილაქტიკის, ლოგისტიკური მხარდაჭერის თუ სხვა მრავალი მიზეზის გამო. ეს ზუსტად ისაა, რატომაც არ უნდა რუსეთს ამ პორტის აშენება.“

გენერალი ჰოჯესი ამასთან ერთად აცხადებს, რომ საქართველოში ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა ქვეყნის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მყარი გარანტი იქნება.

„ვისურვებდი, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველო გამოიყენოს, როგორც მოკავშირე ჰორიზონტზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება. შეიძლება ეს მუდმივი ბაზა არ იყოს, მაგრამ მოიცავდეს სამხედრო ავიადრომის გაფართოებას საჰაერო ძალების წარმომადგენლობისთვის. სხვა ბევრი გზის მონახვა შეიძლება კრემლისთვის იმის საჩვენებლად, რომ არ აქვს უფლება, უბრალოდ, გადაწიოს ხოლმე ადმინისტრაციული ხაზი, დაემუქროს საქართველოს მაშინ, როცა მოისურვებს,“

მასალების გადაბეჭდვის წესი