ახალი ამბები

მთავარეპოსკოპოსი იაკობი: ეკლესია იქნება იქ, სადაც სამშობლოს სჭირდება, მთავარია ხალხი

20 ნოემბერი, 2019 • 2028
მთავარეპოსკოპოსი იაკობი: ეკლესია იქნება იქ, სადაც სამშობლოს სჭირდება, მთავარია ხალხი

ბოდბის მთავარეპისკოპოსი იაკობი “მთავართან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ნებისმიერი ხელისუფლების დროს ერთმმართველობამ ერი ლამის დაღუპვამდე მიიყვანა. ტელეარხმა მეუფე იაკობს ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ძალაუფლების აკუმულირებაზე პროპორციული არჩევნების პროექტის ჩაგდების კონტექსტში ჰკითხა, რაზეც მან უპასუხა:

“ნებისმიერი ხელისუფლების დროს ერთმმართველობამ ლამის დაღუპვამდე მიიყვანა ერი. შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის დროსაც და ახლაც ხედავთ, პროცესები ალბათ უკეთესად რომ იყოს, აჯობებდა.

ძალა არის ხალხთან, ვერ წავლენ. ეკლესია იქნება იქ, სადაც სამშობლოს სჭირდება, გინდ ხელისუფლებას, გინდ ოპოზიციას, გინდ ხალხს – მთავარია ხალხი”, – ამბობს ბოდბის მთავარეპისკოპოსი.

“მთავართან” ინტერვიუში სასულიერო პირმა საქართველოს უახლესი ისტორიაც გაიხსენა კითხვაზე ,”ერთი კაცის ხელში აკუმულირებული ძალაუფლება სჭირდება თუ არა საქართველოს”, პასუხობს:

“ჯერ გამსახურდია გააძევეს საქართველოდან, ასე ვთქვათ, კანონიერი პრეზიდენტი იყო, გააძევეს. რომ ჩამოვიდა საქართველოში – მოკლეს. მის გარემოცვას რა მოუვიდა, ზოგი უცხოეთში გაიქცა, ზოგი დაიჭირეს. მერე შევარდნაძე, ფაქტობრივად, კრწანისში იყო, სამსახურიდან გაუშვეს. მისი გარემოცვიდანაც ბევრი გაიქცა საზღვარგარეთ, ბევრი დაიჭირეს. მერე- სააკაშვილის ხელისუფლება, რამდენი გაიქცა, რამდენი დაიჭირეს. მაგ იმაზე თუ წავედით, ისევ ეს მოხდება და ერთ წრეზე უდნა ვიტრიალოთ”, – ამბობს მთავარეპისკოპოსი.

მან ასევე თქვა, რომ ეთანხმება ნაპოლეონის გამონათქვამს, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ კვირის ქადაგებისას სამებაში ახსენა.

“ნაპოლეონი ამბობდა, “დიდებიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო”, და ეს უნდა გვახსოვდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ნაბიჯია დიდსა და მცირეს შორის, კარგსა და ცუდს შორის”, – თქვა ილია II-მ ქადაგებისას.

ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი… ერთი ნაბიჯია კარგსა და ცუდს შორის – ილია II

მასალების გადაბეჭდვის წესი