ახალი ამბები

ამ პოლიცელს, რომელიც ჩვენებას აძლევს, არ დავუკავებივარ – მომიტინგე

20 ნოემბერი, 2019 • 900
ამ პოლიცელს, რომელიც ჩვენებას აძლევს, არ დავუკავებივარ – მომიტინგე

18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული მომიტინგე დიმიტრი ბიძინაშვილი ამტკიცებს, რომ პოლიციელი, რომელიც დღევანდელ სასამართლოზე მის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს, საერთოდ არ მონაწილეობდა დაკავების ოპერაციაში.

სასამართლო სხდომაზე, რომელიც ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ბიძინაშვილმა პოლიციელს ჰკითხა, გზად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან განყოფილებამდე, რაიმე ინციდენტი ხომ არ ახსოვს, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ არ იყურებოდა ფანჯარაში.

სინამდვილეში, ბიძინაშვილის თქმით, გზაში პოლიციის მანქანას ტაქსი დაეჯახა და შეუძლებელია, ეს მანქანაში მყოფ პოლიციელს არ ხსომებოდა. პოლიციელი აცხადებს, რომ ბიძინაშვილი პარლამენტის გვერდითი შესასვლელიდან 20-30 მეტრში დააკავეს და მას მუქი სამოსი ეცვა.

დღევანდელი სხდომიდან მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა უკვე 4 ადამიანი გააძევა, მათ შორის, ლეიბორისტი ლაშა ჩხარტიშვილი და დეპუტატი სერგო რატიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა პროცესი გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და რამდენჯერმე გადაიდო. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადოს. მანამდე კი დაკავებულები ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

18 ნოემბრის აქციის დაშლისას პარლამენტთან  37 პირი დააკავეს, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი