“ტყუილების თქმას თუ არ დაანებებთ თავს, კვერცხების სროლას მაინც დაანებეთ თავი. სხვებსაც ჰყავთ ქათმები და კვერხების შოვნა შეუძლიათ. კვერცხის სროლა უღირსი საქციელია და ნუ დაამკვიდრებთ იმას, რაც ქართულმა ოცნებამ ბოლო პერიოდში ხელწერად აქცია”, – მიმართა პრემიერს ხაჩიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის, რაც მოხდა გურჯაანში, “ძალიან სამწუხაროა, მაგრამ თქვენს თავს ჰკითხეთ, რატომ დაიმსახურეთ მოსახლეობიდან კვერცხების სროლა. ეძიეთ პასუხი თქვენს თავში. რომელ სროლაზე მელაპარაკებით, კახი კალაძე რომ იყო შიდა ქართლში ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩასული, ლოდები დაუშინეთ. რა კვერცხებზე მელაპარაკებით, მიიღეთ ის, რაც დაიმსახურეთ”.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2015 წლის 20 აპრილს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის დაპირისპირება მოხდა. გამგებელმა ენმ-ის მაჟორიტარ გიორგი ღვინიაშვილს ოთახის დაცლა მოსთხოვა. დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულმა ანტიკორუფციულმა საბჭომ მაჟორიტარის ოთახში დაიდო ბინა და მოქალაქეების მიღება დაიწყო. მოქალაქეების მიღების პარალელურად გაიზარდა დაძაბულობა გამგეობის შენობაში, რაც იმით დასრულდა, რომ გამგეობისა და საკრებულოს წევრები ღვინიაშვილის ოთახში შეცვივდნენ და ოთახის დატოვება მოსთხოვეს. დაპირიპირების დროს ისროდნენ კვერცხებს.
