საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ცნობით, ქვეყანაში ინდუსტრიული განვითარების საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს. 


კერძოდ, მინისტრის განმარტებით, შექმნილია სპეციალურად ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, რომელიც მუშაობს განვითარების პოტენციალის მქონე დარგების აღმოჩენაზე, ანალიზზე და ამ პროექტების განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართვაზე.

 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამჟამად იმპლემენტაციის ეტაპზეა შემდეგი პროექტები: სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვების დარგის განვითარება [უწყების ცნობით, შემუშავებულია სამი ახალი საწარმოს დაფინანსების ბიზნეს-გეგმა საერთო საინვესტიციო ღირებულებით 10 მილიონი დოლარი], კერამიკული ფილების წარმოება [ასევე, საინვესტიციო ღირებულებით 10 მილიონი დოლარი], მწვანილის ექსპორტი ევროპაში.

 

“ამისთვის ჰოლანდიელი ექსპერტების დახმარებით მუშავდება დარგის განვითარების კონკრეტული ღონისძიებები, აგრეთვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამაგალითო სასათბურე მეურნეობის შექმნის ბიზნეს-გეგმა, რომელიც ასევე მრავალმილიონიანი პროექტია. ეს პროექტი განსაკუთრებულ დადებით ზეგავლენას მოახდენს იმ რეგიონზე, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ვინაიდან ამ რეგიონის პოტენციალი ამ მიმართულებით ცნობილია”, – განაცხადა მინისტრმა.

 

კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნული პროექტები არ იქნება სახელმწიფო რესურსებით განხორციელებული.

 

“რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავებთ, წამყვანი ძალა იქნება კერძო სექტორი. თუმცა პარტნიორობის მოდელები იქნება გათვალისწინებული როგორც საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, ასევე, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.“

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *