განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა, ორგანიზაციამ ვერ მიიღო სახელმწიფოსგან მშვიდობიანი და საჯარო აქციის უსაფრთხოების დაცვის გარანტიები.
“იდენტობა და ლგბტ თემი კვლავ იძულებულია დახურულ კარს მიღმა, არაფორმალური თეოკრატიული მმართველობის პირობებში გააგრძელოს უფლებადაცვითი საქმიანობა. 17 მაისს საჯარო სივრცეს მართლმადიდებელი ეკლესია მთლიანად დაიკავებს. ეკლესია უკვე დიდი ხანია მოითხოვს იდენტობის საქმიანობის რუსეთში არსებული “პროპაგანდის კანონის” მსგავსი კანონმდებლობით აღკვეთას. ვშიშობთ, ამის შესაძლებლობას მას “შუღლის გაღვივების შესახებ” საეჭვო სისწრაფით ინიცირებული კანონპროექტი მისცემს”,-აცხადებს ორგანიზაცია.
“იდენტობა” ასევე ავრცელებს მოლაპარაკებების იმ ეტაპებს, რომელიც ჰომოფობიისა და ტრანსოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურებთან მიმდინარეობდა. ორგანიზაციის თქმით, იდენტობამ წერილობით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ორგანიზაციის ინფორმაციით, შსს-ს ადმინისტრაციამ იდენტობას წერილობით უპასუხა და შეხვედრის თაობაზე სამინისტროს მზაობის შესახებ აცნობა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს და პრემირ-მინისტრს წერილზე დღემდე არ უპასუხიათ.
ამის შემდეგ გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებზე. როგორც განცხადებიდან ირკვევა, “იდენტობისა” და შინაგან საქმეთა სამინისტროს დავის საგანს აქციის ჩატარების ადგილი წარმოადგენდა. განცხადების თანახმად, შსს-მ უარი განაცხადა აქციის კანცელარიასთან ჩატარებაზე და “იდენტობას” აქციის ჩასატარებლად წერეთელზე მდებარე საგამოფენო ცენტრი შეთავაზა.

“იდენტობა დაეთანხმა მსჯელობას, რომ კანცელარიის წინ აქციის გამართვა არ წარმოადგენდა აუცილებლობას, მაგრამ არ დაეთანხმა იდეას, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ქალაქის ცენტრიდან რაც შეიძლება შორს უნდა აღინიშნოს. ამიტომ ორგანიზაციამ ღონისძიების ჩატარების ალტერნატიულ ადგილად სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორია დაასახელა. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ იდენტობასთან საუბრის პარალელურად, უსაფრთხოების რისკების შემცირების მიზნით სახელმწიფო მოლაპარაკებას მართლმადიდებელ ეკლესიასთანაც აწარმოებდა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სამინისტროსთან მორიგ შეხვედრამდე გადაიდო”,-ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესა და ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შორის. განცხადების თანახმად, იდენტობას აცნობეს, რომ რუსთაველზე დაანონსებული აქციის საპირწონედ, შსს იდენტობას სთავაზობდა საბურთალოზე, სასტუმრო ‘ჰოლიდეი ინის’ პარკინგზე საჯარო აქციის გამართვას.
“სამინისტროს თქმითვე, ისინი აწარმოებდნენ მოლაპარაკებას საპატრიარქოსთან და ამტკიცებდნენ, რომ თუ ლგბტ აქტივისტები კონკრეტულად რუსთაველზე დაგეგმილ აქიაზე იტყოდნენ უარს, საპატრიარქო ასევე არ დაგეგმავდა საჯარო ღონისძიებებს ამ ტერიტორიაზე. ლგბტ თემის წარმომადგენელთა შეფასებით, სასტუმროს პარკინგზე ადამიანის უფლებათა დაცვის აღნიშვნა არის კომიკური და დამამცირებელი იდეა. ეს მეთოდი ისევე ართმევს მათ საჯარო სივრცის დაკავების უფლებას, როგორც ეს აქციის საერთოდ გაუქმების შემთხვევაში იქნებოდა”,- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, 29 აპრილს საპატრიარქომ დაადასტურა, რომ უკვე ჰქონდა დაგეგმილი კონცერტებისა და სხვა საჯარო ღონისძიებების გამართვა.
“ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ იდენტობას რაიმე ღონისძიება დღემდე არ დაუანონსებია. თუმცა ყველა შეხვედრაზე იყო დაპირება, რომ თუ იდენტობა რუსთაველზე უარს იტყოდა, არც საპატრიარქო გამართავდა რაიმე აქციას. როგორც ცნობილია, იდენტობას დღემდე არ განუცხადებია 17 მაისის გეგმების შესახებ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია საპატრიარქოსთვის, მოეთხოვა რუსთაველის გამზირის დათმობა როგორც 16, ასევე 17 მაისს”
“იდენტობა” ამბობს, რომ 5 მაისს დაწვრილებით გაცხადდა, რომ ეკლესია არათუ უარს ამბობს რუსთაველის გამზირზე აქციის ჩატარებაზე, არამედ 16-17 მაისს აპირებს დაიკავოს დედაქალაქის ყველა ცენტრალური ტერიტორია და სწორედ იმიტომ, რომ ლგბტ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება წაართვას, გამართავს კონცერტებისა და “საერო” ღონისძიებების სერიას.

6 მაისს კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ინიციატივით, გაიმართა საბოლოო შეხვედრა. იდენტობას უთხრეს, რომ ეკლესიამ დაგეგმა მასობრივი საჯარო გამოსვლები 16 და 17 მაისს და დაახლოებით 200.000 ადამიანის მობილიზებას გეგმავს.
“ეს კი პრინციპულად შეუძლებელს ხდის ლგბტ ადამიანთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საჯაროდ დაცვას საქართველოს დედაქალაქის ნებისმიერ ადგილას, მათ შორის, ‘ჰოლიდეი ინთანაც’. იდენტობას ეთხოვა, რომ თუ ის აქციას ჩაატარებდა, ეს არ ყოფილიყო საჯაროდ დაანონსებული. იდენტობა აცხადებს, რომ 2015 წელს ლგბტ თემი არათუ ვერ შეძლებს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას, არამედ მთელი სახელმწიფო აპარატი და მასზე შეზრდილი რელიგიური ინსტიტუცია მიზანმიმართულად, წინასწარი განზრახვითა და კოორდინაცით უზრუნველყოფენ ამ სოციალური ჯგუფის კონსტიტუციური უფლებების სამუდამოდ ჩამორთმევას”,- ნათქვამია განცხადებაში.




