ახალი ამბები

გთხოვთ, ყველგან უკრაინასთან ერთად ახსენოთ საქართველო – მეუფე იაკობი ევროპარლამენტში

19 ნოემბერი, 2019 • 3892
გთხოვთ, ყველგან უკრაინასთან ერთად ახსენოთ საქართველო – მეუფე იაკობი ევროპარლამენტში

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) ევროპარლამენტში მიმდინარე სემინარზე განაცხადა, რომ საქართველო ოკუპაციას არ შეეგუება და საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვა, უკრაინასთან ერთად, საქართველოს საკითხიც დააყენონ დღის წესრიგში.

“ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით. ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ცივილიზებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარებიან. ვიცით, ეს ხანგრძლივი პროცესია. მე აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ. ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე. ყოველთვის ვუთანაგრძნობდი აფხაზ ხალხს, რადგან ეს არ იყო ჩვენი და აფხაზების ომი, ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი, რომელსაც მოჰყვა საქართველოს დიდი ტერიტორიების ოკუპაცია”, – განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა.

მისი თქმით, რუსეთს არ სურს, რომ საქართველო ძლიერი იყოს და უნდა ისეთი ზემოქმედება მოახდინოს, რომ “ზოგი რუსეთისკენ გაახედოს”.

“მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავს ევროპელად მიიჩნევს და ევროპისკენ მივისწრაფვით და არა დამპყრობლისკენ. ეს არასდროს მოხდება. ჩვენი საფლავები მოსპეს აფხაზეთში და აღარ გვაქვს შესაძლებლობა ჩავიდეთ. არ გვეძლევა საშუალება მოვილოცოთ ჩვენი სალოცავები. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით ყველა, თუ დაგვეხმარებით. ჩვენ ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ”, – განაცხადა მან.

მეუფე იაკობი ასევე შეეხო დავითგარეჯის კომპლექსის პრობლემას და აღნიშნა, რომ “ესეც რუსეთიდან მომდინარეობს”.

“ჩვენ ველოდებით სახელმწიფოს. ვნახოთ, რას მიაღწევს სახელმწიფო მოლაპარაკებებით აზერბაიჯანთან. ჩვენ შევხედავთ ამ ყველაფერს. შეგვიძლია, გვაქვს ურთიერთობები არა მარტო სასულიერო, არამედ ქვეყნის პირველ პირებთან. სტატუს-კვოს აღდგენაზე ვიზრუნებთ. ვფიქრობ, მიღწევადია. რაღაცებში ჩახედულები ვართ და რაღაცებს ვერ ვიტყვით ხმამაღლა”, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გაყინულია და კარგი იქნება, თუ ევროკავშირი საქართველოს საკითხს ხშირად განიხილავს. მან ევროპელ პარტნიორებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩვენი და რუსეთის ურთიერთობები გაყინულია. არც ფიქრობენ ჩვენთან დალაპარაკებას. ჩვენი მიწა იყო და არის ისტორიული. რუსეთმა არა ზევიდან, არამედ როგორც პარტნიორს, ისე უნდა გვიყუროს. ამ საკითხში ჩვენი ჩართულობა კარგი იქნება. დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ყოველთვის აღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ძალიან კარგია. უკრაინაზე ხშირად არის ლაპარაკი და ხშირად საქართველოს საკითხი გამოტოვებულია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და ყველგან უკრაინასთან ერთად ახსენოთ საქართველო. ჩვენც მშვიდობიანაც გვინდა გადაწყდეს. ისე, რასაც უფალი დაუშვებს, ჩვენ მზად ყველაფრისთვის ვართ”, – აღნიშნა მან.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის თქმით, საქართველოს შეუძლია, ევროპას ტოლერანტობაში მაგალითი მისცეს.

“ტოლერანტობა, ალბათ, ჩვენგან უნდა ისწავლოს ევროპამ. მრავალი საუკუნეა, თბილისის ცენტრში ყველა სალოცავია. გენეტიკურად ტოლერანტები ვართ. ცოდვის მიმართ ტოლერანტები ვერ ვიქნებით. მეც რომ ცუდი საქმე გავაკეთო, მაშინ ესეც დასაძრახია. სხვებზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ. ჩემი საქმე არაა, სხვას მოვუწოდო, როგორ იცხოვროს და თავად თუ მკითხავს, მაშინ მოვახსენებ ჩემს აზრს. მოლდოვასაც, უკრაინასაც და საქართველოსაც დაუჭირეთ მხარი. გავა დრო და ჩვენ ღირსეულად მოვემზადებით. ჩვენი სახით ერთი ღირსეული წევრი შეგემატებათ ევროკავშირში. ეს არის თავისუფალი ქვეყნების თავისუფალი კავშირი. როგორც მრავალშვილიანი ოჯახია ძალიან კარგი, ასევე საქართველოს და უკრაინის შეერთებაც კარგი იქნება”, – აღნიშნა მან.

ბოდბის მთავარეპისკოპოსის თქმით, ნატო ასევე საქართველოს არჩევანია და მოსახლეობის უმრავლესობას სურს ალიანსში გაწევრება.

“მთავარია, ნატოც ჩამოყალიბდეს. იქაც დაიხვეწება ყველაფერი და კითხვებს ჩვენთანაც არ დატოვებს“, – განაცხადა მან.

19 ნოემბერს ევროპარლამენტში გაიხსნა სემინარი, რომლის  მთავარი თემაა ეკლესიის როლი მშვიდობის აღდგენისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხში. სემინარზე ბოდბელი მთავარეპისკოპოსის გამოსვლის ტექსტს “იმედინიუსი” ავრცელებს. დელეგაცია საქართველოდან ბრიუსელში რონდელის ფონდის ორგანიზებით გაემგზავრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი