ახალი ამბები

მერიის თქმით, დიღომში ბინიდან გამოსახლებულ სეხნიაშვილების ოჯახს ქირით გაიყვანენ

19 ნოემბერი, 2019 •
მერიის თქმით, დიღომში ბინიდან გამოსახლებულ სეხნიაშვილების ოჯახს ქირით გაიყვანენ

დიღმის მასივში სეხნიაშვილების ოჯახის გამოსახლება დასრულდა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ოჯახი გამოსახლა. ილია სეხნიაშვილს თბილისის მერიის დახმარების იმედი აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ადრე გამგეობა საცხოვრებლით უზრუნველყოფას დაჰპირდა.

როგორც ნეტგაზეთს დიდუბის რაიონის გამგებელმა ირინა ზავრადაშვილმა უთხრა, გამგეობამ ოჯახი ქირით გაიყვანა. მისივე თქმით, ოჯახი კოოპერატიული ბინათმშენებლობით არის დაზარალებული და სანამ მერია მათ ამ პროექტის ფარგლებში ბინას არ გადასცემს, ისინი მერიის მიერ ნაქირავებ ბინაში იცხოვრებენ. ნეტგაზეთის კითხვაზე, როდის მოხდება მათთვის ბინის გადაცემა, გამგებელი კონკრეტულ თარიღს ვერ ამბობს.

ილია სეხნიაშვილის სახლთან საპატრულო პოლიციისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები დილიდან იმყოფებოდნენ. ისინი ოჯახის გამოსახლებას ცდილობდნენ, თუმცა ადგილზე შეკრებილი ხალხი ამის საშუალებას არ აძლევდა.

როგორც ილია სეხნიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, წლების წინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან იპოთეკური სესხი $15 000 აიღეს, თუმცა პროცენტი ვერ გადაიხადეს და ბინა იპოთეკარმა აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. სეხნიაშვილის თქმით, პარლალელურად ცდილობდა ბინის გაყიდვას, თუმცა აუქციონის ვადებში ეს ვერ მოახერხა და ბინა გაიყიდა. მისი ოჯახის გამოსახლებას სწორედ ბინის ახალი მფლობელი ითხოვს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, აღნიშნულ საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება გამოსახლების შესახებ უწყებას 2017 წელს გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი