ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში დაპატიმრებული ექიმის მხარდამჭერი “თეთრი ხალათების” აქციები გაიმართა

18 ნოემბერი, 2019 • 2914
ცხინვალში დაპატიმრებული ექიმის მხარდამჭერი “თეთრი ხალათების” აქციები გაიმართა

დღეს, 18 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებების წინ ცხინვალში დაპატიმრებული ექიმი ტრვმატოლოგის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი “თეთრი ხალათების” აქციები გაიმართა.

” გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის! გავაპროტესტოთ უკანონო დაკავების ფაქტი.  დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი”, – ნათქვამია ორგანიზატორთა მიმართვაში.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

„თეთრი ხალათების“ აქციას შეუერთდა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი