მთავრობის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სატელეფონო საუბრისას განუმარტა, რომ ანატოლი ბიბილოვი ყარაბაღში არასამუშაო დღეს კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და გალუსტ საჰაკიანთან პირადი ხასიათის არაფორმალური კომუნიკაცია შედგა.
მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე საქმიანი თემები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები, განხილული არ ყოფილა.
ჰოვიკ აბრაჰამიანმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ხაზი გაუსვა საქართველოსადმი სომხეთის კეთილმეზობლურ და მეგრობულ დამოკიდებულებას, აცხადებს საქართველოს მთავრობა.
სომხეთის პარლამენტის ცნობით, სომხეთისა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის შეხვედრა შედგა. თუმცა, სომხეთის ეროვნული კრების პრესსამსახურის ცნობით, ეს იყო კერძო ხასიათის შეხვედრა.
ამ ვიზიტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში სომხეთის ელჩი განმარტებებისთვის დაიბარეს. სომხეთის ელჩმა წუხილი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია დაუყოვნებლივ ეცნობება ერევანს, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.





