ახალი ამბები

ატენის ქუჩაზე გარდაცვლილი ლევან აბაშიძე წარსულში პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებდა – HRIDC

18 ნოემბერი, 2019 • 3635
ატენის ქუჩაზე გარდაცვლილი ლევან აბაშიძე წარსულში პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებდა – HRIDC

ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება 17 ნოემბერს ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტს, რომლის შედეგად გარდაიცვალა მოქალაქე ლევან აბაშიძე და მისი ოჯახის წევრები.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა ლევან აბაშიძის სამართლებრივ ინტერესებს, რომელმაც ორგანიზაციას დახმარების თხოვნით 2016 წელს მომართა.

“ლევან აბაშიძე აცხადებდა, რომ მის მიმართ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა საქართველოს მოქალაქისთვის მინიჭებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, მას პრობლემები ექმნებოდა სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას. მესაზღვრეები მას უცხადებდნენ, რომ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუ რატომ უზღუდავდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლას, მაგრამ ჰქონდათ დავალება, რომ იგი არ შემოეშვათ საქართველოში.

2016 წელს ლევან აბაშიძე საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმეში ჩართვის შემდეგ შემოვიდა. ორგანიზაციამ არაერთხელ მოუწოდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაეცვათ ლევან აბაშიძის უსაფრთხოება და უზრუნელეყოთ საქართველოში მისი თავისუფლად, ყველანაირი საფრთხის გარეშე, შემოსვლა და ქვეყნის შიგნით თავისუფლად გადაადგილების უფლება”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ცენტრს ლევან აბაშიძემ 2016 წლის დეკემბრის თვეში წერილობით მომართა, სადაც განმარტავდა, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ მას დაეტოვებინა ქვეყანა, წინაღმდეგ შემთხვევაში „საკუთარი თავისთვის დაებრალებინა, რაც დაემართებოდა“.

“2018 წელს ლევან აბაშიძეს კვლავ შეექმნა პრობლემა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროს, რის გამოც ადამიანის უფლებათა ცენტრმა განმეორებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, უზრუნელეყოთ მისი ქვეყანაში შემოსვლა და უსაფრთხოება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს გამოძიებას, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტებით და საბოლოო დასკვნებამდე სრულად უზრუნველყოს ყველა გარემოების მიუკერძოებელი, ობიექტური გამოკვლევა.
ადამიანის უფლებათა ცენტრში დაცულია ლევან აბაშიძის ვიდეომიმართვა, სადაც იგი საუბრობს დევნაზე და შევიწროებაზე. ორგანიზაცია მზადაა, ვიდეომიმართვა მიაწოდოს გამოძიებას და ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე – მედიას”, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს ადასტურებს ინფორმაციას, რომ თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი.

დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის [განზრახ მკვლელობა] და 136-ე მუხლის [ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება] შესაბამისად. დაკავებული ამ დროისთვის არავინაა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი