ახალი ამბები

ცხინვალში დაკავებულ ქართველი ექიმის გათავისუფლებას ითხოვს საპატრიარქოც

17 ნოემბერი, 2019 • 672
ცხინვალში დაკავებულ ქართველი ექიმის გათავისუფლებას ითხოვს საპატრიარქოც

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს ცხინვალში დაკავებულ ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით:

“დიდად ვწუხვართ ცნობილი ექიმის, ტრავმატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დატყვევების გამო. ამ პიროვნებას ყველა იცნობს, როგორც ფრიად გამოცდილ ქირურგს, რომელმაც მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მათ შორის ცხინვალის რეგიონში.

ვფიქრობთ, თავისუფლების აღკვეთაში ყოფნა, პირველ რიგში, მისი დამკავებლებისთვის არის პრობლემური.
ბატონ ვაჟას გათავისუფლებისთვის ქართველი მედიკოსები, უბრალო მოსახლეობა, ხელისუფლება, საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ მხარდაჭერას. ჩვენც ვუერთდებით მათ და ვთხოვთ ყველას, ვისაც ხელეწიფება სიტუაციის განმუხტვა, დროულად გაათავისუფლონ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქომ დღეს, 17 ივნისს გაავრცელა.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი