ახალი ამბები

ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა აღკვეთილი იქნება – შსს

17 ნოემბერი, 2019 • 578
ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა აღკვეთილი იქნება – შსს

დღეს, 17 ნოემბერს, დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

შსს  მოუწოდებს ყველას, დაიცვან მართლწესრიგი და პოლიციის მოთხოვნებს დაემორჩილონ. ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ კანონის ფარგლებში იქნება აღკვეთილი.

“პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს, ერთი მხრივ, შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ – სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა”,-წერია შსს-ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი