18 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე, თბილისში, სამედიცინო დაწესებულებების წინ ცხინვალში დაპატიმრებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად “თეთრი ხალათების” აქცია დაიგეგმა.
” გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის! გავაპროტესტოთ უკანონო დაკავების ფაქტი. დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი”, – ნათქვამია ორგანიზატორთა მიმართვაში.
ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.
“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.