ახალი ამბები

იყო სამი შემოთავაზება და სამივე ეფუძნებოდა იურიდიული პრინციპების არცოდნას – კობახიძე

16 ნოემბერი, 2019 • 1405
იყო სამი შემოთავაზება და სამივე ეფუძნებოდა იურიდიული პრინციპების არცოდნას – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ყველა შეთავაზება, რომელიც რაიმე სახით მაინც ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის ცვლილებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, კონსტიტუციას არ შეესაბამება. ამის შესახებ კობახიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ დღეს, 16 ნოემბერს ისაუბრა.

“რამდენიმე შემოთავაზება მოვისმინე, რომელთაგან არცერთი არ არის თავსებადი მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოსთან. ერთი არის გერმანული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ პროპორციული წესით ნაწილდება 150-ვე მანდატი. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ 77 დეპუტატი აირჩევა პროპორციული წესით და 73 აირჩევა მაჟორიტარული წესით. აქ არის თავსებადობის პრობლემა. მე მოვისმინე მეორე შემოთავაზებაც, რომ მცირე ცვლილებების შემთხვევაში შემობრუნდეს კანონპროექტი. ესეც არის ნონსენსი. ასეთი რამ არც კონსტიტუციაში, არც რეგლამენტში, არსად არ წერია. მესამე ვარიანტი იყო, რომ ერთ-ერთმა იურისტმა თქვა, თითქოს ჩავარდნილი არ იყო ეს პროექტი და შესაბამისად, შესაძლებელი იყო მისი განხილვის გაგრძელება, რაც იყო მესამე ნონსენსი” – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, “ესეც აჩვენებს იმას, რომ იყო სამი სამართლებრივი შემოთავაზება და სამივე ეუფძნებოდა იურიდიული პრინციპების არცოდნას”.

შესაბამისად, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ოპოზიციას მოუწოდებს, მოემზადოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვნებისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” დაპირების მიუხედავად ძველი, შერეული სისტემით ჩატარდება.


რა ხდება

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი