ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ექიმის საკითხს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან განვიხილავთ – საგარეო

16 ნოემბერი, 2019 • 927
ექიმის საკითხს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან განვიხილავთ – საგარეო

“ჩვენ უკვე მოვახდინეთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენი მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია მუდმივ კავშირზეა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ასევე, წითელი ჯვრის მისიასთან”, – ავრცელებს განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჩვენ შეშფოთებული ვართ ბოლო დროს საოკუპაციო რეჟიმის გახშირებული პროვოკაციული მოქმედებების გამო. მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

აღნიშნული საკითხი განხილვის მნიშვნელოვანი თემა იქნება მომავალ კვირას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მომავალი რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრის ფარგლებში”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი