ახალი ამბები

ვიდრე ოპოზიცია რადიკალურ ნაბიჯებს გეგმავს, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს – კობახიძე

16 ნოემბერი, 2019 • 1243
ვიდრე ოპოზიცია რადიკალურ ნაბიჯებს გეგმავს, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს – კობახიძე

საპარლამენტი უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას მოუწოდებს, მოემზადოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის, რომელიც დაპირების მიუხედავად, კვლავ ძველი, შერეული სისტემით გაიმართება.

“ყველას მოვუწოდებ, მოემზადონ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ, ამ კვირაშიც გრძელდება შეხვედრები მოსახლეობასთან. სოფელ-სოფელ დადიან ჩვენი დეპუტატები, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი ესაუბრებიან იმ საკითხებზე, რომელიც მათ აწუხებთ. ჩვენ სწორედ ეს გვიმყარებს იმის რწმენას, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, რომლის პარალელურადაც “ქართული ოცნების” შენობასთან საპროტესტო აქცია იმართებოდა.

“მოდით, ნუ შევქმნით ქარიშხალს ჭიქაში. რელაურად, გარეთ, პარტიის ოფისთან ორი-სამი ათეული კაცი იყო შეკრებილი და ისეთ ადამიანს, ვინც უშუალოდ არ იყო ჩართული, შეექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ იქ ხდებოდა რაღაც უბედურება. ქარიშხალი ჭიქაში არ უნდა შეიქმნას, ყველაფერი იქნება ძალიან მშვიდად. ისინი თუ გააგრძელებენ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, უფრო მეტს წააგებენ შემდეგი არჩევნებისთვის.

ვიდრე რადიკალურ ნაბიჯებს გეგმავევენ და ახორციელებენ, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს და დამატებით ქულებს ვიწერთ, ისინი კარგავენ რესურსს არჩევნებისთვის. ამიტომ, მათ მოვუწოდებ, ისინიც დაკავდნენ ამთ, ისინიც ესაუბრონ ხალხს და ნუ ესაუბრებიან ერთმანეთს. ასეთ შემთხევვაში, მათ აქვთ მეტი შანსი, უკეთესი შედეგები აჩვენონ არჩევნებისთვის”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, თუ რა უნდა მოითხოვოს და სწორედ ამიტომ, მისი აზრით, ოპოზიციის ყველა მოთხოვნა შეუსაბამოა კონსტიტუციასთან.

“რაღაც მოთხოვნა მაინც უნდა დაეყენებინათ. რა მოთხოვნა უნდა დაეყენებინათ, ამაზე ოპოზიცია ვერ შეჯერდა”, – მიიჩნევს ირაკლი კობახიძე.

ის დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” ნებისმიერ შემთხვევაში მოიგებს არჩვნებს, იქნება ეს გეგმიურად, 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილი არჩვნები თუ ვადამდელი, რომელსაც ოპოზიცია ჯერჯერობით უშედეგოდ ითხოვს.


რა ხდება

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი