ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საია დაკავებულ ექიმზე ხელისუფლებას და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

16 ნოემბერი, 2019 • 868
საია დაკავებულ ექიმზე ხელისუფლებას და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად და ეფექტიანად მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე და მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლო საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები, “რათა დაიძლიოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისი და იქ მცხოვრებ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ საბაზისო საჭიროებები, მათ შორის- მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება”.

ასევე, საია მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობასა და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაეხმაროს ქართულ მხარეს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში და გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უფლებების მასობრივი დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი წარმომადგენლობის სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი