ახალი ამბები

ეპარქიალური საბჭო მღვდლებს თვითნებური განცხადებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

16 ნოემბერი, 2019 • 1355
ეპარქიალური საბჭო მღვდლებს თვითნებური განცხადებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭო სასულიერო პირებს მოუწოდებს, თვითნებური განცხადებებისგან თავი შეიკავონ. “პრობლემური სიტუაციის” შემთხვევაში საბჭო სასულიერო პირებს ურჩევს, საპატრიარქოს მცხეთა–თბილისის ეპარქიალურ მუდმივმოქმედ კომისიას მიმართონ.

გავრცელებული განცხადების თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი შემთხვევა იყო, როცა სასულიერო პირები სხვადასხვა თემაზე “თვითნებურ და მკვეთრ” შეფასებებს აკეთებდნენ.

“ამჯერად, მცხეთა–თბილისის ეპარქიაში დაფიქსირებულ ზოგიერთ არასწორ ქმედებაზე შევჩერდებით:

ა) მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს და 5 ნოემბერს დეკანოზმა დავით ისაკაძემ და მისმა მხარდმჭერმა სასულიერო პირებმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მიმართ კადნიერი კრიტიკის შემცველი ვიდეომიმართვები გაავრცელეს, რომლის შინაარსი მმართველ მღვდელმთავართან (სრულიად კათოლიკოს–პატრიარქთან) შეთანხმებული არ იყო.

ასევე

ბ) ა.წ. 13 ნოემბერს დეკანოზ თეოდორე  გიგნაძის  ინტერვიუში ადგილი ჰქონდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას (გიგიბერია) პოზიციის  მიმართ  კრიტიკას; ამის მიზეზი გახდა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაციის, _ „ბიბლიური თავისუფლების“ გარდაცვლილი წევრისთვის წესის აგებისაგან თავის  შეკავება (საერთო გადაწყვეტილების მიღებამდე),  რაც გამოწვეულია მართლამდიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელ რელიგიურ გაერთიანებასთან გარდაცვლილის კავშირთან.

ვაფრთხილებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისაგან. პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში კი უნდა მომართონ საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა–თბილისის ეპარქიალურ მუდმივმოქმედ კომისიას”,-წერია განცხადებაში.

ილია მეორის 13 ნოემბრის ბრძანებით მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭო შეიქმნა, რომელიც ეპარქიასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს განიხილავს.

საბჭო ხუთი წევრისგან შედგება: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდია ჯაღმაიძე, თბილისის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, ლონგინოზ სუარიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი