ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში დაკავებული ექიმის საკითხზე პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართავს

15 ნოემბერი, 2019 • 1208
ცხინვალში დაკავებული ექიმის საკითხზე პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, “რათა ოკუპირებულ რეგიონში გამოსწორდეს ვითარება და უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა”.

პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის რეგიონში მძიმე კრიზისია შექმნილი და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო.

ზურაბიშვილის მიმართვის ადრესატები შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები არიან:

გაეროს გენერალური მდივანი – ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში – როზმარი დიკარლოსი, ევროკომისიის პრეზიდენტი – ურსულა ფონ დერ ლაიენი, ეუთოს თავმჯდომარე – მიროსლავ ლაიჩაკი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი – მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები: ჩიჰან სულტანოგლუ, რუდოლფ მიჩალკა, ტოივო კლაარი, ასევე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი – მიშელ ბაშელე და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო დღეს, 15 ნოემბერს გაიმართა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი