ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვიმედოვნებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს დროში გათავისუფლდება – ჯანდაცვის სამინისტრო

15 ნოემბერი, 2019 • 1322
ვიმედოვნებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს დროში გათავისუფლდება – ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მის სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება და ის ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართავს, რათა უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი.

“სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის წითელ ჯვართან.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, მომხდარ უკანონობას მოჰყვება ადეკვატური რეაგირება და ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს დროში გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან”.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო დღეს, 15 ნოემბერს გაიმართა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი