ახალი ამბები

ხიდაშელი: როგორც თავდაცვის მინისტრი, “კაბელების საქმეს” არ გავეცნობი

1 მაისი, 2015 • • 1540
ხიდაშელი: როგორც თავდაცვის მინისტრი, “კაბელების საქმეს” არ გავეცნობი

“მე ამ საქმეს, როგორც თავდაცვის მინისტრი, არ ვიცნობ და გაძლევთ პირობას, რომ როგორც თავდაცვის მინისტრი, მე ამ საქმეს არ გავეცნობი. ეს საქმე წასულია თავდაცვის სამინისტროდან, ის პროკურატურაშია, სასამართლოშია. მე იმ ტიპის პოლიტიკური თანამდებობის პირი გავხდი დღეს, რომ არც ერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ საქმეში არ ჩავერევი. ეს არის ფუნდამენტური შეცდომა და პრობლემა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და მე ამას არ გავაკეთებ. მე ამ საქმეს ვიცნობ იქიდან, სადაც ვიყავი და იმდენად, რამდენადაც პარლამენტის რიგითი წევრისთვის შესაძლებელი იყო, რომ ხელმიასწვდომი ყოფილიყო. ამ თემაზე იმდენი კომენტარი მაქვს გაკეთებული, რომ დღეს ჩემგან რაიმე ტიპის განცხადება ამ საქმეზე აუცილებლად იმავე ადამიანების მიერ იქნება ინტერპრეტირებული, როგორც ზეწოლა სასამართლოზე, ვიტყვი კარგს თუ ცუდს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საქმე მალე დამთავრდება და არც ერთი მხრიდან არ მოხდება ამ საქმის ხელოვნური გაწელვა. განაჩენი დადგება და ამის შემდეგ მე ჩემი პასუხი მექნება”,- განაცხადა ხიდაშელმა გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას. 

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა. საქმეს სასამართლო განიხილავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი