ახალი ამბები

ძალაშია გუნდის, უმრავლესობის და თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება – ხულორდავა

15 ნოემბერი, 2019 • 1005
ძალაშია გუნდის, უმრავლესობის და თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება – ხულორდავა

პარლამენტარი თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ ძალაშია მისი და კიდევ რამდენიმე პარლამენტარის გადაწყვეტილება, დატოვონ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები.

თამარ ხულორდავას ჩათვლით, „ქართული ოცნების“ 10-მა წევრმა 14 ნოემბერს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ [ეს არ ნიშნავს, რომ ისინი საპარლამენტო მანდატებს ტოვებენ].

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო. მეორე დღეს მათ რიგებს ფრაქცია „კონსერვატორების“ სამი წევრი შეუერთდა.

ხულორდავამ 15 ნოემბერს ფეისბუკზე დაწერა: „ეს გადაწყვეტილება იყო ის ერთადერთ სწორი გადაწყვეტილება, რაც შექმნილ მძიმე ვითარებაში შეგვეძლო მიგვეღო და ის, რა თქმა უნდა, ძალაშია“.

„ჩვენ სამი წელია ვართ „ქართული ოცნების“ წევრები და, ბუნებრივია, დღეს, პირველ რიგში, საჭიროდ ჩავთვალეთ, ჩვენი ყოფილი გუნდის ლიდერებისთვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობა. ორშაბათს პარლამენტს მივმართავთ შესაბამისი განცხადებებით საპარლამენტო პოზიციებისა და უმრავლესობის დატოვების შესახებ. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ამაზე უახლოეს მომავალში გავაკეთებთ განცხადებას“, — წერს იგი.

 


საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი