დღეს, 15 ნეომებრს, მამუკა ხაზარაძემ “ლელოს“ ახალი 12 წევრი, მათ შორის, მემარცხენე პოლიტიკოსი, გრიგოლ გეგელია წარადგინა.
გეგელიამ წარდგენისას თქვა, რომ “ლელო“ მიაჩნია ისეთ პოლიტიკურ ცენტრად, რომელიც “ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ პოლიტიკურ ჭაობს შეცვლის.
“მე ბედნიერი ვარ, მოხარული ვარ, რომ ვუერთდები დღეს ამ დიდ ოჯახს, ამ ახალ პოლიტიკურ ცენტრს – “ლელოს“.“ლელო “ არის დღეს ერთადერთი პროგრესული ალტერნატივა პასუხად ამ ჭაობისა, რომელიც შექმნა “ქართულმა ოცნებამ“ 8 წლის მმართველობის თავზე.
ეს არის ნეპოტიზმის, კორუფციის, განუვითარებულობის და უპერსპექტივობის ჭაობი“, – თქვა გეგელიამ წარდგენისას.
მისი თქმით, “ლელო“, როგორც ახალი ცენტრისტული მოძრაობა, თანხმდება იმაზე, რომ ადამიანი უნდა იყოს მთავარი და უნდა იყოს სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი. ასევე, “ვთანხმებით იმაზე, რომ სამარცხინოა, რომ დღეს მთელ რეგიონში ყველა ჩვენი მეზობელი გვისწრებს წინ ბედნიერების ინდექსში“.
გეგელია ამბობს, რომ საქართველო არსებითად სხვა სახელმწიფო უნდა გახდეს, რადგან ქართველი ხალხი ბევრად უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე “ამ ორპარტიულმა სახადმა ჩვენ შემოგვთავაზა“:
“.. ამიტომ დადგა დრო ერთობის, დადგა დრო არსებითად ახალი ეთიკური და პროგრესული სტანდარტის და დადგა დრო, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევცვალოთ ეს ორპარტიული წრიულობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აბსოლუტურად გადაჩეხს უფსკრულში.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ გუშინ, თუ რა არის ნამდვილი სახე “ქართული ოცნების“, თუ რა არის ნამდვილი სახე ორპარტიულობაში ჩაკეტილი ამ პოლიტიკური ველის; ჩვენ ვნახეთ, როგორ გვართმევენ მომავალს, უკვე არა მხოლოდ ეკონომიკურად და სოციალურად, არამედ ასევე პოლიტიკურად. ჩვენ გვართმევენ დემოკრატიას, იმედს და საშუელებას, გადავწყვიტოთ, თუ როგორ უნდა ვმართოთ ჩვენივე ქვეყანა“, – თქვა გეგელიამ.
მისი თქმით, ზემოხსენებული ჭაობი მალე დასრულდება, რადგან “ლელო“ გამოჩნდა, რომლის ფასი და შესაძლებლობა ხელისუფლებამ უკვე დაინახა. გეგელია ამბობს, რომ უახლოეს მომავალში “ლელოს“ რიგებში სულ უფრო მეტი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც საქართველოში ცვლილებებს შემოიტანს.
ადამიანი უნდა იყოს მიზანი და არა საშუალება — ინტერვიუ ხაზარაძესთან