ახალი ამბები

პასუხისმგებლობა „ოცნებას“ და ივანიშვილს აკისრიათ — კრამერი პროპორციულის ჩაგდებაზე

15 ნოემბერი, 2019 • 1570
პასუხისმგებლობა „ოცნებას“ და ივანიშვილს აკისრიათ — კრამერი პროპორციულის ჩაგდებაზე

„პასუხისმგებლობა დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრიათ, რადგან ეს მათ, როგორც ბლოკმა, არ მისცეს ხმა ცვლილებებს, დღევანდელ შედეგში ოპოზიციის დადანაშაულება არ შეიძლება“, — ასე აფასებს ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი 14 ნოემბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო. დანარჩენებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს.

ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა. დევიდ კრამერი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აცხადებს:

„ოპოზიციის წევრები საუბრობენ შეთქმულებაზე, რომ ცვლილებები, რომლის გატარებასაც მთავრობა ხალხს ივნისის პროტესტის პასუხად დათანხმდა, განწირული იყო ჩავარდნისთვის მაშინ, როცა პროტესტის უშუალო კენჭისყრა მოხდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ იქნა შემოთავაზებული, უბრალოდ შექმნილი იყო იმისთვის, რომ მაშინ დემონსტრანტები გაეჩუმებინათ. პასუხისმგებლობა დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის ეკისრება „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რადგან ცვლილებებს მათ არ დაუჭირეს მხარი, როგორც ბლოკმა. ოპოზიცია არ შეიძლება დღევანდელ შედეგში დაადანაშაულონ“.

„საქართველო უნდა დაადგეს ამ გზას, გადავიდეს პროპორციული სისტემაზე, რადგან ის იქნება უფრო სამართლიანი და შეამცირებს რისკებს, რომლებიც ერთმანდატიანი ოლქების შემხვევაში არსებობს“, – ამბობს კრამერი და, როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, მოუწოდებს მხარეებს, შეიკრიბონ და კიდევ ერთხელ უყარონ კენჭი ცვლილებებს მანამ, სანამ „ამ ყველაფერს სწორად არ გააკეთებენ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი