ახალი ამბები

არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ ვითარება დრამატულია – მარგველაშვილი აქციაზე მივიდა

14 ნოემბერი, 2019 • 1441
არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ ვითარება დრამატულია – მარგველაშვილი აქციაზე მივიდა

საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც დღეს საღამოს პარლამენტთან აქციას შეუერთდა, ტვ პირველის წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვაზე პასუხად აცხადებს:

„მე ნამდვილად არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ ვითარება დრამატულია… მე არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ არ მინდა დიქტატურაში ცხოვრება“.

მარგველაშვილმა განაცხადა: „ვდგავარ იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და იმ ადგილას, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია“.

„ან ხალხის ნება, ან რაღაც ჯგუფის ნება მოხვეული ხალხზე… ან დემოკრატია, ან დიქტატურა“, — თქვა მან.

მარგველაშვილის თანახმად, არ ელოდებოდა, რომ „ქართული ოცნება“ ჩააგდებდა პროპორციულ სისტემას, თუმცა კითხვაზე, უნდა დაიჯერონ თუ არა, რომ მაჟორიტარები მართლაც „აუმხედრდნენ“ ბიძინა ივანიშვილს, თქვა: „არ დავიჯეროთ“.


14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ.

ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო. ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი