ახალი ამბები

“ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია” – ჯაფარიძე

14 ნოემბერი, 2019 • 699
“ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია” – ჯაფარიძე

“გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები.

“მე უბრალოდ არ ვიცი, სხვა გაგრძელება რა შეიძლება იყოს. ნებისმიერი სხვა გაგრძელება, ჩემი აზრით, იქნება სისუსტის ჩვენება და ეს არის ის, რაც ივანიშვილს უნდა. ახლა საუბარი იმაზე, რომ სხვა გზები ვეძებოთ, როგორ შეიძლება ჩატარდეს ქვეყანაში პროპორციული არჩევნები, ნებისმიერ შემთხვევაში იქნება დროის მოგება ივანიშვილის მხრიდან. ამიტომ მსგავს რაღაცაზე არ უნდა ვიფიქროთ. ვადამდელი არჩევნები რა წესითაც არ უნდა ჩატარდეს, იმ წესით უნდა წააგოს და წავიდეს ხელისუფლებიდან”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მსჯელობს.


დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ. თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და გაითამაშა ფარსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი