ახალი ამბები

შუათითი აქციის მონაწილეებისთვის არ მიჩვენებია – კალაძე

14 ნოემბერი, 2019 • 2583
შუათითი აქციის მონაწილეებისთვის არ მიჩვენებია – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ირწმუნება, რომ დილით, “ქართული ოცნების” ოფისიდან გამოსვლის შემდეგ, შუათითი აქციის წევრებისთვის არ უჩვენებია.

“მე ვისაც ვაჩვენე, ნამდვილად არ ყოფილან აქციის მონაწილეები”, – განაცხადა კალაძემ.

თუმცა, ჟურნალისტის არაერთი შეკითხვის მიუხედავად, მან არ თქვა, თუ არა მომიტინგეებს, მაშინ ვის უჩვენა შუათითი.

“ეგ ჩემი საქმეა, მე ვის ვაჩვენე”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კალაძის თქმით, პოზიციის დაფიქსირებისას თავშეკავებით არ გამოირჩევა ხოლმე, შესაბამისად, აქციის მონაწილეებისთვის რომ ეჩვენებინა შუათითი, ამას აუცილებლად იტყოდა. ამასთან, მან მიანიშნა, რომ ეს ჟესტი, სავარაუდოდ, საკუთარი მეგობრის მიმართ გამოიყენა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომას ესწრებოდა, გარეთ თავისი ავტომობილით გამოსვლისას შუათითის ჟესტი გამოიყენა. აღნიშნული ფაქტი ტელეკომპანია “ფორმულამ” გადაიღო.

აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისთან დილიდან იყვნენ შეკრებილები. ისინი მმართველი პარტიისგან დანაპირების შესრულებას ითხოვენ.

ნახეთ ვიდეო

მმართველი პარტიის ოფისში დღეს, 14 ნოემბერს, 13 ნოემბრის შემდეგ უკვე მეორედ გაიმართა უმრავლესობის სხდომა. დეპუტატებმა პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად განიხილეს, დაუჭერენ თუ არა მხარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ. თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. შესაბამისად, კანონპროექტის კენჭისყრა უკვე ორჯერ გადაიდო. შემდეგი კენჭისყრა სწორედ 14 ნოემბერს არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი