შეიძლება ჰქონდეთ ერთდღიანი მცდელობა, მაგრამ ვერაფერს მოიმოქმედებენ – კობახიძე პროტესტზე

“ჩვენ გავაკეთეთ განცხადება [პროპორციულზე გადასვლაზე] და ამის მერე ხალხი არ დაშლილა, შემოეშალათ ხალხი 3 თვის განმავლობაში”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ 20/21 ივნისის მოვლენების შედეგად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების შესახებ საუბრისას.

კობახიძე ასევე გამოეხმაურა პროტესტს და დაგეგმილ აქციას, რომელიც პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას მოჰყვა.

“ეს არაა ახალი მათი მხრიდან. ერთადერთი რესურსი, რაც მათ აქვთ, ესა არის რადიკალიზმი. თუმცა ეს რადიკალიზმიც არის წარუმატებლობისთვის განწირული. მათ ერთხელ სცადეს პარლამენტში შემოჭრა, თუმცა ხედავთ, რომ რესურსი არ აქვთ იმიტომ, რომ მათ ზურგს არ უმაგრებს ხალხის მხარდაჭერა და ზედმეტად ნუ იმუქრებიან. ისინი იმუქრებოდნენ კენჭისყრამდე, იმუქრებიან კენჭისყრის შემდეგ, მათ ეს მუქარები, ბუნებრივია, არ გაუვათ”, – განაცხადა კობახიძემ და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

“სიმშვიდე არის ის, რაც სჭირდება ქვეყანას, რაც სჭირდება მოსახლეობას. შეიძლება ჰქონდეთ ერთდღიანი მცდელობა იმისა, რომ რაღაც მოიმოქმედონ, თუმცა ამის საშუალება მათ არ ექნებათ. საქართველოში არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური ვითარება, სადაც ჩვენი ოპონენტები მუდმივად საუბრობენ მუქარებზე, არიან რადიკალურები და მუდმივად ცდილობენ, შეუტიონ სახელმწიფოს და ეკლესიას. მათ არც ერთი გაუვათ და არც მეორე”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა “ქართული ოცნებიდან” დეპუტატების წასვლაზე და თქვა, რომ მათთან, ისევე როგორც მაჟორიტარებთან, კომუნიკაცია ექნება.

“ჩვენს გუნდში გვქონია არაერთი პროცესი, სადაც საბოლოო ჯამში, მიღებული ყოფილა გადაწყვეტლება, რომელიც არ შეესაბამებოდა თუნდაც უმრავლესობის გადაწყევტილებას. ეს არის შიდადემოკრატიული პროცესი. ერთ-ერთი მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს, არის ისიც, რომ დეპუტატები არ არიან ღილაკზე თითის მიმჭერები. თქვენ გახსოვთ, ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა დეპუტატების მიმართ რაც ისმოდა, იყო ის, რომ ისინი ღილაკზე თითის მიმჭერები არიან. ეს ხაზი განავითარეს გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, როცა საკითხი გამქონდა”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე რიგგარეშე არჩევნებს არ ელის.

“არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ არის საუბარი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის არსებული მოცემულობით”, – დასძინა მან.


დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.