ამ საკითხმა კონსტიტუციონალისტებს შორის დისკუსია გამოიწვია. ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა და საპარლამენტო უმრავლეოსბამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი თავიდან უნდა წამოაყენოს, რომელიც შემდეგ მინისტრების კანდიდატურებს დაასახელებს, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობას უფლებამოსილება არ შეწყვეტია და პრემიერ-მინისტრი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრეზიდენტს ყოველგვარი ზედმეტი პროცედურების გარეშე წარუდგენს პარლამენტში დასასახელებელად.
შეუწყდა თუ არა მთავრობას უფლებამოსილება და რა როლი აქვს პრეზიდენტს მოცემულ სამართლებრივ რეალობაში? ნეტგაზეთმა ამ შეკითხვით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს, პრეზიდენტის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში (კახა კოჟორიძე) და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს (გიორგი კვერენჩხილაძე) მიმართა, თუმცა არც ერთმა მათგანმა არ გვიპასუხა. პრესსამსახურის განმარტებით, კომენტარი მას შემდეგ გაკეთდება, რაც პრეზიდენტი ორი მინისტრის ვაკანტურ თანამდებობებზე საკუთარ კანდიდატურებს დაასახელებს.





