შიოლაშვილი: მგონი, ვაწყენინე ბატონ ბიძინას

“ქართლი ოცნების” დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეხვდა. შიოლაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილთან მძიმე საუბარი ჰქონდა, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ დეპუტატი ვერ დაარწმუნა, თუ რატომ უდნა დაუჭიროს მხარი 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას:

“საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით და მგონი, ვაწყენინე კიდეც ბატონ ბიძინას. ჩემი მხრიდან პოზიციის სიზუსტეში ვერ დავარწმუნე, ისე როგორც მან ვერ დამარწმუნა, რატომ უნდა დავუჭიროთ ამ კანონპროექტს მხარი. ვრჩები ჩემს პოზიციაზე. დამრჩა შთაბეჭდილება და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა მუშაობს ყველა იმ სავარაუდო დეპუტატთან, რომელიც ჩვენს რიგებში მოიაზრებოდა”, – ამბობს შიოლაშვილი.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტო განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

კენჭისყრა თავდაპირველად 13 ნოემბრისთვის გადაიდო, თუმცა მანამდე “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი და უმრავლესობის უმრავლესობა მხარს უჭერენ ცვლილებებს, თუმცა ამის წინააღმდეგ ძირითადად არიან მაჟორიტარი დეპუტატები. მათი ნაწილი აცხადებს, რომ თუ პარლამენტი ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, ისინი დეპუტატის მანდატს დატოვებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.