ახალი ამბები

გაბაშვილი: პარლამენტი უნდა გამოვიდეს ოლიგარქი ივანიშვილის ჩრდილიდან

29 აპრილი, 2015 • • 1053
გაბაშვილი: პარლამენტი უნდა გამოვიდეს ოლიგარქი ივანიშვილის ჩრდილიდან

“ნაცონალური მოძრაობის” და საპარლამენტო უმცირესობის წევრები საქართველოს მთავრობაში მიმდინარე პროცესებს და მინისტრების გადადგომას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურნენ:   

 

“გავიდა ხუთი კვირა მას შემდეგ, რაც ათი ათასობით ადამიანმა თავისუფლბის მოედანზე მთავრობას წითელი ბარათი უჩვენა. დღეს მთელი საზოგადოებისთვის ნათელია, რომ მთავრობა არაქმედითი და უუნაროა. რადგან ამ მთავრობამ ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა. სამწუხაროდ, მთავრობას არ ეყო გამბედაობა, რომ ეღიარებინა ეს კრიზისი და გადამდგარიყო. როგორც ამბობენ, ჭირი თავს არ დამალავსო და ღარიბაშვილის მთავრობა ფაქტობრივად დაიშალა. ეს აჩვენებს არა მხოლოდ ღარიბაშვილის მთავრობის უუნარობას, არამედ ოლიგარქ ივანიშვილის კულისებიდან მართვის სისტემურ კრახს”- განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. 

 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის განცხადებით, პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მთავრობის დაკომპლექტებაზე: 

 

“ახლა საქართველოს პარლამენტის ამოცანაა, შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა და დანიშნოს ივანიშვილის არა მორიგი მარიონეტული მთავრობა, არამედ გამოვიდეს ოლიგარქის ჩრდილიდან და მოხდეს ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება, რომელიც შეაჩერებს ეკონომიკის ნგრევას და ჩამოშლას და სწრაფი საკანონმდებლო ცვლილებებით ქვეყანას არჩევნებისთვის მოამზადებს. თუ საქართველოს პარლამენტი ივანიშვილის მარიონეტულ მთვარობას დაამტკიცებს, კრიზისი გაგრძელდება და უფრო მეტად გაღრმავდება. ლარის გაუფასურება და მოსახლეობის გაღატაკება შეუქცევადი გახდება. ასე რომ, მთელი პასუხისმგებლობა არის პარლამენტზე – გვეყოლება საქართველოს მთვარობა, რომელიც ემსახურება ივანიშვილს, თუ ეყოლება საქართველოს მთავრობა, რომელიც შეასრულებს საზოგადოების დაკვეთას და აღასრულებს ხალხის ნებას. ეს მომენტი ახლა დგება და პასუხისმგებლობა დგება პარლამენტზე.”

 

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობა დღეს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 27 აპრილს თანამდებობა დატოვა გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა. გასულ კვირას კი გადადგა ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი. 

 

ლევან ყიფიანი მეშვიდე მინისტრია, რომელიც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის პირობებში ნდობის გამოცხადების შემდეგ შეიცვალა. კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად, მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. მთავრობის ახალი შემადგენლობას პრეზიდენტს პრემიერ–მინისტრი წარუდგენს, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტი ახალ შემადგენლობას პარლამენტს ნდობის გამოცხადებისთვის წარუდგენს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი