ახალი ამბები

რა პროცედურები მოუწევს “ოცნების” მთავრობას პარლამენტის ხელახალი ნდობის მოსაპოვებლად

29 აპრილი, 2015 • • 1233
რა პროცედურები მოუწევს “ოცნების” მთავრობას პარლამენტის ხელახალი ნდობის მოსაპოვებლად

კონსტიტუციის 81-ე პრიმა მუხლის მიხედვით, “პარლამენტის მიერ მთავრობისა და მისი სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით (7 მინისტრი) განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას.

 

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. 

 

მთავრობას და მის პროგრამას პარლამენტის ნდობა უკვე მიღებული აქვს თავის დროზე, თუმცა 7 მინისტრის ცვლილება ის კრიტიკული ზღვარია, რა დროსაც დღის წესიგში დგება შეკითხვა, უცხადებს თუ არა საკანონმდებლო ორგანო ნდობას 7 მინისტრით განახლებულ მთავრობასაც? კონსტიტუციაში არსებული კაზუსური სიტუაციის გამო ნათელი არ არის, შეწყვეტილად ითვლება თუ არა ამჟამინდელი მთავრობის უფლებამოსილება და როგორ კომპლექტდება ის შემადგენლობა, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს, თუმცა არსებობს 2014 წლის პრეცედენტი, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა ზუსტად ის შემადგენლობა წარუდგინა პარლამენტს, რომელიც მას პრემიერმა შესთავაზა

 

საიას იურისტის, კონსტიტუციონალისტ გიორგი გოცირიძის განმარტებით, მთავრობის ახალ შემადგენლობას ახლაც პრემიერი დააკომპლექტებს და არა პრეზიდენტი, ეს უკანასკნელი მინისტრთა კაბინეტის წევრებს პარლამენტს მხოლოდ წარუდგენს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს უფლება არ აქვს, რომელიმე კანდიდატურის, ან მთლიანად მთავრობის შემადგენლობა დაბლოკოს.


მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს, პარლამენტი იმსჯელებს, გამოუცხადებს თუ არა ნდობას მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. მინისტრთა ახალი კაბინეტის ლეგიტიმაციისათვის საჭიროა საპარლამენტო უმრავლესობა, ანუ 76 ხმა, “ქართულ ოცნებას” კი საკანონდმებლო ორგანოში 80-ზე მეტი დეპუტატი ჰყავს.

2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მთავრობის შემადგენლობა პარლამენტის ხელახალი ნდობა მიიღო, მინისტრთა კაბინეტი ზუსტად 7-მა მინისტრმა დატოვა: ირაკლი ალასანიამ, ალექსი პეტრიაშვილმა, მაია ფანჯიკიძემ, ალექსანდრე ჭიკაიძემ, დავით შავლიაშვილმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა და ლევან ყიფიანმა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც “ქართული ოცნების” მთავრობა 7 მინისტრს ცვლის და პარლამენტში ნდობის მოსაპოვებლად მიდის. პირველი ასეთი პრეცედენტი 2014 წლის ივლისში დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი