საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერს, ირმა ინაშვილს მოუწოდებს, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გაემიჯნოს. კობახიძემ კოლეგას გუშინდელი განცხადება შეახსენა:
“ვაწყენინე ქალბატონ ირმას, როდესაც საუბარი მქონდა საგარეო ორიენტაციაზე. ძალიან კარგია, თუ ემიჯნებით ამ სტატუსს და საკუთარ თავს არ მიიჩნევთ პრორუსულ პარტიად და თუ გაემიჯნებით ბოლომდე სიტყვით და საქმით, ეს იქნება საუკეთესო.საუბარი იმაზე, რომ თქვენ გაქვთ თქვენი საგარეო კურსი, რომელშიც გვაქვს აცდენა. ჩვენ ვსაუბრობთ, მაგალითდ, იმაზე, რომ “ქართული ოცნება” არის ნატოს მხარდამჭერი, აქ არის პრინციპული შეუთავსებლობა.
კარგი იქნება, თუ მკაფიოდ გაემიჯნებით ყველა განცხადებაში “ნაციონალურ მოძრაობას” იმიტომ, რომ ჩემთვის გაუგებარი იყო გუშინ, როდესაც თქვენ თქვით, რომ მოუწოდებდით ნაცმოძრაობას და სხვა პარტიებს, რომ თქვენთან ერთად დამდგარიყვნენ. როდესაც ერთი მხრივ აინიცირებთ რეზოლუციას და მერე მათთან ერთად დგებით თეორიულად გარკვეულ აქციებზე, ეს არის მიუღებელი. რუსებსაც გაემიჯნეთ და ნაცებსაც გაემიჯნეთ”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
საპასუხოდ ინაშვილი ტელეკომპანია “პირველთან” კობახიძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს:
“მე აღარ ვისაუბრებ კობახიძეზე, რომელსაც არავითარი პოლიტიკური წონა და მორალური უპირატესობა არ აქვს ჩვენთან მიმართებით, თავს უფლება მისცეს, თითქოს ჩვენ… სირცხვილია, ასეთი უკიდეგანო თავხედობა. კობახიძე არავინ არაა, ბუჩქებში იჯდა, როცა ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით” ,- ამბობს ინაშვილი.
