ახალი ამბები

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით “ოცნების” საქციელი არის ნაძირლობა – კოჟორიძე

13 ნოემბერი, 2019 • 633
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით “ოცნების” საქციელი არის ნაძირლობა – კოჟორიძე

მოძრაობა “ლელოს” ერთ-ერთი წევრი და მამუკა ხაზარაძის თანამებრძოლი კახა კოჟორიძე “ნაძირლობას” უწოდებს “ქართული ოცნების” დეპუტატების ნაწილის საქციელს, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მხარდაჭერა გადაიფიქრეს.

“ნაძირლობა!!!! არ მიყვარს ხოლმე მსგავსი ტერმინების გამოყენება, მაგრამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით “ოცნების” საქციელს ყველაზე უკეთ ეს სიტყვა შეესაბამება. თან ნაძირლობასაც აქვს გრადაციები. ეს არის ნაძირლობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას.

თუ ჩავარდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, “ოცნება” იმ დეპუტატებმა კი არ უნდა დატოვონ, ვინც ახლა ამ ნაძირლობას აკეთებს და ცვლის საკუთარ ოფიციალურად დაფიქსირებულ პოზიციას, არამედ იმათმა უნდა დატოვონ, ვინც ამ ნაძირლობას ხელი ვერ შეუშალეს. ამ პარტიაში უბრალოდ აღარ იქნება კითილსინდისიერი ადამიანის ადგილი”, – წერს კოჟორიძე ფეისბუკზე.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტი განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

პარლამენტში დღეს, 13 ნოემბერს, ამ საკითხის კენჭისყრაა დაგეგმილი, მანამდე კი “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი