შეხვედრის მონაწილეები პრეზიდენტისგან ითოვენ მემორანდუმზე ხელმოწერას, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის შეცვლას საქართველოში.
“ამ შეხვედრებზე ჩვენ ვსაუბრობთ იმ ამოსავალ პირობებზე, რომლებმაც უნდა შექმნას უფრო დემოკრატიული, უფრო პლურალისტული საზოგადოება საქართველოში; საქართველოს პოლიტიკური მდგრადობა, თუ რამდენად პლურალისტულ პოლიტიკურ ველს შევქმნით და ის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ნათლად არის ჩვენი დემოკრატიის ნაწილი; და საზოგადოებას უკვე სჯერა, რომ ხელისუფლება იქმნება, იცვლება და ფორმირდება ამომრჩევლის ნების საფუძველზე. ახლა კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ და შექმნას ისეთი პოლიტიკური სისტემა, როდესაც ჩვენ უკვე მართლაც ევროპულ სათამაშო ველს ჩამოვაყალიბებთ. როცა პარლამენტი დაკომპლექტებული იქნება ძლიერი, სტაბილური, არა ერთი და ორი პოლიტიკური ძალის მიერ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დასაწყისში.
მისი თქმით, შეხვედის ლაიტმოტივი არის ის ინტერესი, რაც პოლიტიკურ პარტიებს გააჩნიათ ამ მიმართულებით: “მაგრამ ჩემთვის ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემა. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენ უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ იქითკენ, რომ უზრუნველვყოთ საკანონმდებლო ცვლილებები, იმ სისტემების შექმნა, რაც საქართველოში უზრუნველყოფს პლურალისტულ პოლიტიკურ გარემოს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ჯერჯერობით ამ მემორანდუმზე მმართველი კოალიცია ხელს არ აწერს.
დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა, მოაწერს თუ არა აღნიშნულ მემორანდუმს ხელს საქართველოს პრეზიდენტი.





