ახალი ამბები

არის საზღვრები, რაც არ ჯდება ქრისტიანობის ფარგლებში – სააკაშვილი აკინის ფილმზე

12 ნოემბერი, 2019 • 5683
არის საზღვრები, რაც არ ჯდება ქრისტიანობის ფარგლებში – სააკაშვილი აკინის ფილმზე

რა გეფილმებათ, მეგობრებო, საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოჩვენების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

სააკაშვილის თქმით, ვისაც ფილმის ნახვის სურვილი აქვს, ცხადია, ამის საშაულებაც უნდა ჰქონდეს. ამავდროულად, შექმნილი აჟიოტაჟით, ექს-პრეზიდენტის თქმით, მოხდა ფილმის რეკლამირებაც და თემის გადატანაც მთავარი პრობლემებიდან.

“რაც შეეხება ფილმებს, მეგობრებო, საქართველო ფუნდამეტურად არის ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი ქვეყანა. ქრისტიანული ფასეულობა ნიშნავს ტოლერანტულობას, ჰუმანურობას, ძალიან ბევრი რაღაცის მიმართ გახსნილობას, მაგრამ არის რაღაც საზღვრები, რაც არ ჯდება ქრისტიანობის ფარგლებში და მოდი, ნურავის ეწყინება ეს, რომ ვიღაც ადამიანებს აქვთ თავიანთი შეხედულება. რაც შეეხება იმას, რაც ხდება, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად ინსპირირებული. საქართველოში მეტი პრობლემა არ არის, ვიდრე ფილმების გარჩევა?!”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ლევან აკინის ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” – წინააღმდეგ თბილისსა და ბათუმში ნოემბერში საპროტესტო აქციები გამართეს ლევან ვასაძემ და ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა. ფილმის საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი