ახალი ამბები

ხუნდაძე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე უმრავლესობის სხდომის მოწვევას ითხოვს

12 ნოემბერი, 2019 • 1637
ხუნდაძე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე უმრავლესობის სხდომის მოწვევას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე უმრავლესობის სხდომის მოწვევას ითხოვს.

ხუნდაძის თქმით, კითხვები აქვს და საჭიროა დამატებითი კონსულტაციები, რათა დარწმუნებული იყოს, რომ მისი კომპრომისული გადაწყვეტილება მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მხარდაჭერის შესახებ გამართლებულია.

ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ დიმიტრი ხუნდაძის შეთავაზება აძლიერებს სპეკულაციებს, რომ მმართველი გუნდი პროექტის ჩაგდებას გეგმავს, ამიტომ ამის მომხრე არ არის. გიორგი ვოლსკიმ კი დეპუტატებს შესვენების დროს თავის კაბინეტში შეკრება შესთავაზა.

“განხილვის გადადების მოთხოვნაზე ჩემი პასუხი არის არა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

ამ დროისთვის პარლამენტში ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უნდა განიხილოს. დიმიტრი ხუნდაძე თვითონ არის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ინიციატორებს შორის.

21-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ თქვა, რომ წავიდოდა კომპრომისზე და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა, ნაცვლად მანამდე დაგეგმილი 2024 წლის არჩევნებისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი