ახალი ამბები

დეკანოზი თამაზ ლომიძე “ბიბლიური თავისუფლების” გარდაცვლილი წევრისთვის წესის აგებაზე

12 ნოემბერი, 2019 • 4190
დეკანოზი თამაზ ლომიძე “ბიბლიური თავისუფლების” გარდაცვლილი წევრისთვის წესის აგებაზე

დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც გერმანიაში მიუნხენის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობს, აცხადებს, რომ მართლმადიდებელიც შეიძლება რაიმე ორგანიზაციის წევრი იყოს, სადაც რელიგიური სათაურია გამოყენებული, მაგრამ ეს არ იყოს სარწმუნოება და ეკლესია.

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ასე უნდა მიუდგნენ და გადაწყვიტონ 24 წლის დაღუპული ბიჭის ამბავიც, რომელიც გირჩის “ბიბლიური თავისუფლების” წევრი იყო, რის გამოც ოჯახს მღვდლები უარს ეუბნებიან წესის აგებაზე.

დეკანოზი თამაზ ლომიძე მიიჩნევს, რომ თუ ეს წევრობა მხოლოდ ფორმალურია და არავითარი რელიგიური დატვირთვა არ აქვს, არავითარი დაბრკოლება წესის ასაგებად არ უნდა არსებობდეს:

“რამდენადაც მე ზუსტად არ ვიცი, რას წარმოადგენს გირჩის ბიბლიური თავისუფლების ორგანიზაცია, ჩემი პირადი აზრი ასეთია: თუ ეს წევრობა მხოლოდ ფორმალურია და არავითარი რელიგიური დატვირთვა არ აქვს და მხოლოდ ჯარიდან გასათავისუფლებლად იყენებენ ახალგაზრდები და ამასთან, თუ მასში გაწევრიანებისას მათ ხაზგასმით არ განუცხადებიათ მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მრწამსის დატოვების შესახებ, მაშინ არავითარი დაბრკოლება არ არსებობს წესის ასაგებად.

მართლმადიდებელიც შეიძლება რაიმე ორგანიზაციის წევრი იყოს, სადაც რელიგიური სათაურია გამოყენებული, თუმცა ეს არ იყოს სარწმუნოება და ეკლესია. ასე უნდა მიუდგნენ ამ საკითხს და გადაწყვიტონ, ნუგეშს მისცემენ თუ არა მგლოვიარე ოჯახს. ეს თანადგომა განსაცდელში მყოფი ადამიანებისადმი ეკლესიის მოვალეობაცაა და ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ეცადონ, რომ მონახონ გამოსავალი” ,- ამბობს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

“მე მგონია, რომ გირჩის ეს ორგანიზაცია არანაირად არაა არც რელიგია და არც ეკლესია. ასე მარტივად არ ხდება ახალი მრწამსის რელიგიის დაფუძნება. მათთან ასე დაპირისპირებით და დატოლებით მართლმადიდებელი ეკლესია თავს უფრო იკნინებს”, – აცხადებს დეკანოზი.

წესის აგება სხვა არაფერია, თუ არა ნუგეში და იმედი მგლოვიარეთათვის – რუსუდან გოცირიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი