ახალი ამბები

გახარია მსხვერპლია, თავის თავზე აიღო 20-21 ივნისის მოვლენები – პეტრე ცაავა

11 ნოემბერი, 2019 • 2153
გახარია მსხვერპლია, თავის თავზე აიღო 20-21 ივნისის მოვლენები – პეტრე ცაავა

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი პეტრე ცაავა ფიქრობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მაშინდელი შს მინისტრი და მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია მსხვერპლია, რომელმაც თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა.

“მე მიმაჩნია, რომ ის არის მსხვერპლი. თავის თავზე აიღო, ააღებინეს. მე მიმაჩნია, იმ ძალების მსხვერპლია, ვინც 20-21 ივნისი გამოიყენა”, – განაცხადა მეუფე პეტრემ “მთავარ აქცენტებში” სტუმრობისას.

გადაცემის წამყვანი ნიკა გვარამია დაინტერესდა გახარიას და პეტრე ცაავას შეხვედრითაც. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის თქმით, შეხვედრა 20 ივნისის მოვლენებამდე შედგა და საუბარი შეეხო მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, მარიხუანის საკითხს.

“არ არსებობს შემთხვევა, რომ რომელიმე პირს საერო ხელისუფლებიდან მოსვლა უნდოდეს და უარი ვუთხრა. ზოგადად მიმდინარე მოვლენებზე, ეს იყო მარიხუანას საკითხი”, – აღნიშნა მან.

პეტრე ცაავამ არ უარყო, რომ სწორედ გახარიასთან შეხვედრის შემდეგ მისი კადრი ალექსანდრე ხურცილავა მარტვილის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

“როგორ არ მჭირდებოდა?” – უპასუხა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა ნიკა გვარამიას კითხვას იმის შესახებ, თუ რაში სჭირდებოდა ეპარქიას საკუთარი კადრი თვითმმართველობაში. გვარამიამ მას ასევე ჰკითხა, საკადრო გადაწყვეტილების გამო ხელისუფლებასთან ვალში იყო თუ არა.

“ვალში ისინი არიან, რომ სწორი კადრი ჰყავთ. დანიშვნებში კი არ ჩავრეულვარ. სასიკეთო ჩარევაა ეს, რაც მარტვილს გამოადგება და რაც მე არანაირად ვალს არ მადებს”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი