ახალი ამბები

ჩვენს რწმენასა და სამოქალაქო ცნობიერებას დიდი გამოცდა ელის – მეუფე გრიგოლი

10 ნოემბერი, 2019 • 1128
ჩვენს რწმენასა და სამოქალაქო ცნობიერებას დიდი გამოცდა ელის – მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის თქმით, რწმენასა და სამოქალაქო ცნობიერებას უახლოეს მომავალში დიდი გამოცდა ელის. აღნიშნული მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურების დროს განაცხადა, მის სიტყვებს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მეუფე გრიგოლი მრევლთან საუბრისას ამბობს, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, უმძიმესი და ურთულესი პროცესი განვითარდა და “მღელვარებამ მოიცვა მთელი საზოგადოება“, რის შედეგადაც, საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.

“შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი საერთო სახალხო სასამართლო პროცესში ჩართვა, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ემოციური დუღილის პროცესი, და ნებისმიერი მხრიდან ყოველგვარი განცხადება, თუნდაც კეთილი განზრახვით ნაკარნახევი აზრი, ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამამძიმებელი შეიძლება აღმოჩნდეს“,- ამბობს მეუფე გრიგოლმა.

მისი სიტყვებით, შექმნილი ვითარების დამშვიდებისთვის “დღეს, როგორც არასდროს გვჭრდება საღი აზრი“

“არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ წინ გველოდება არანაკლებ რთული გზა. ჩვენს სახარებისეულ რწმენას წინ ელოდება დიდი გამოცდა. დიდი გამოცდა ელის ჩვენს სამოქალაქო ცნობიერებასაც. რასაკვირველია, ეს არის ქრისტიანული ცხოვრების, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული ერის არსებობის თანმდევი პროცესი.

საბჭოთა წარსული, რომელიც ტოტალიტარიზმისა და კოლექტივიზმის სახით ჯერ კიდევ ჩვენს ქვეცნობიერშია ჩამალული, კვლავინდებურად გვიტევს და ცდილობს წარსულში ჩვენს დაბრუნებას, როგორც ფარაონი, რომელიც ვერ ელევა ეგვიპტიდან აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ ისრაელს, და ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით ცდილობს მის უკან დაბრუნებას.

თუმცა, ჩვენ ვიცით, თუ რა ბედი ეწია მას (ფარაონს), როცა ორად გაპობილ მეწამულ ზღვაში ჰპოვა თავისი აღსასრული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მიუხედავად ტკივილებისა, ვიმოძრაოთ წინ და არ შევუშინდეთ ქარიშხალს. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის შიში, სასოწარკვეთა და იმედგაცრუება! შიშმა არ უნდა მოიცვას ჩვენი გონება!,“ – აცხადებს მეუფე გრიგოლი.

ის ასევე საუბრობს ეკლესიიაში არსებულ პრობლემებზე და ამბობს:

„ცხოვრება თავისი დინებით მიმდინარეობს. საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო და ამის შემდგომ უკვე საუბარი იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას ეკლესია იქნება, ქვეყანა, თუ თითოეული ადამიანი“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი