ახალი ამბები

დღევანდელი ჩვენებები დასრულდა – სეანსები ვერ ჩაშალეს

9 ნოემბერი, 2019 • 1251
დღევანდელი ჩვენებები დასრულდა – სეანსები ვერ ჩაშალეს

მაყურებლებმა კინოთეატრ ამირანში ლევან აკინის ფილმის ჩვენება ჰომოფობიური აქციის მონაწილეების მხრიდან აგრესიული შეძახილების ფონზე დატოვეს.

ამით მორჩა დღევანდელი ჩვენებები.

ჩვენებები დაგეგმილია 9 და 10 ნოემბერს.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დღეს, 8 ნოემბერს გამართული აქციების დროს 13 ადამიანს გაუწიეს სამედიცინო დახმარება.

თუმცა აქედან მხოლოდ ერთს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა და ეს ადამიანი სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანია.

როგორც სასწრაფო სამედიცინო ცენტრში გვითხრეს, მომართვების უმეტესობა სხვადასხვა ჩივილებს უკავშირდებოდა, როგორებიცაა არტერიული წნევა, ტაქიკარდია და სხვა.

სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი, რომელიც დღეს კინოთეატრ „ამირანთან“ დაშავდა, ამბობს, რომ ღრმა ჭრილობა აქვს და ექიმებმა 7 ნაკერი დაადეს. მისივე თქმით, ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები მას მიზანმიმართულად დაესხნენ თავს, იცნეს და თავში მძიმე საგანი მოარტყეს.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღეს, 8 ნოემბერს ფილმ “და ჩვენ ვიცეკვებთ” პრემიერასთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ადგილას აქციები გაიმართა. ყველაზე დაძაბული ვითარება კინოთეატრ “ამირანთან” იყო, სადაც ჰომოფობიური ჯგუფების წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.  მათ სურდათ ფილმის ჩვენების ჩაშლა. ოფიციალური მონაცემებით დაკავებულია 11 ადამიანი. ლევან ვასაძე აქციებსა და სეანსების ჩაშლის მცდელობებს ხვალაც აანონსებს.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი