წერეთლის განმარტებით, მანამდე C ჰეპატიტის სამკურნალოდ ინტერეფერონის კურსის ჩატარება იყო აუცილებელი, რაც სახელმწიფოს ძალიან ძვირი დაუჯდებოდა.
“თქვენც დაიწყეთ ინტერფერონის შეღავათიან ფასში მიწოდების შესახებ პროგრამა, მაგრამ არ გამოვიდა”.
თუმცა, მისივე განმარტებით, “ნამდვილად მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი საქმეა, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობას ამ პროგრამაში ჩართვის საშუალება ექნება”.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ამბობს, რომ პროგრამის განხორციელებისთვის დიდი მადლობა აშშ-ის ფარმაცევტულ კომპანია “გილეადსა” და საქართველოს ამერიკელ პარტნიორებსაც ეკუთვნით, რომელთანაც, წერეთელის თქმით, წინა ხელისუფლებაც აქტიურად მუშაობდა.
“ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომ საქართველომ მიაღწია ამას და “გილეადმა” აირჩია საქართველო პარტნიორად და ქვეყნად, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაცია უნდა მოხდეს, არის ის, რომ ჩვენ კარგი ინფრასტრუქტურა გვაქვს აქ, გვყავს კარგი ექიმები, გვყავს კარგი ლაბორატორიული ქსელი. ასევე ის, რომ საქართველოს ბოლო 10 წლის განმავლობაში ჰქონდა წარმატებული ისტორია შიდსთან მკურნალობის საკითხში. პირველი ქვეყანა, ვინც სრულიად უმკურნალა იმათ, ვისაც ეს სჭირდებოდა. ბუნებრივია, მთავრობა ასეთ პროგრამაზე უარს ვერანაირად ვერ იტყოდა”, – განაცხადა წერეთელმა.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც და ამ დარგის სპეციალისტებიც აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ ფარმაცევტულმა კომპანია “გილეადმა” C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტში საქართველოსთან ითანამშრომლა, ეს პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი კარგი ინფრასტრუქტურა და ჰეპატოლოგთა მომზადებული კადრებია.
