ახალი ამბები

ჯაშის თანახმად, განათლების სამინისტროს ისევ გამოეყოფა კულტურის სამინისტრო

7 ნოემბერი, 2019 • 2033
ჯაშის თანახმად, განათლების სამინისტროს ისევ გამოეყოფა კულტურის სამინისტრო

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის მიმართულება ისევ გამოეყოფა და ეს პროცესი 2020 წლის დასაწყისისთვის დასრულდება.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს 2018 წელს, მაშინდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით შეუერთდა, რასაც არაერთი სპეციალისტი აკრიტიკებდა.

7 ნოემბერს მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის შემდეგ, განათლების კომიტეტის წევრებმა კვლავ ისაუბრეს უწყების ცალკე გამოყოფის შესახებ.

მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ როდესაც ამ ორი უწყების გაერთიანება იხილებოდა, ის წინააღმდეგი იყო და, შესაბამისად, მიესალმება კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას.

„მთავრობის დამტკიცების პროცესში გიორგი გახარიას მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ კულტურის მიმართულების გამოყოფა მომხდარიყო. ვფიქრობ, ეს პროცესი 2020 წლის დასაწყისისთვის დასრულებული იქნება. ამას დასჭირდება საპარლამენტო მხარდაჭერა და მაქსიმალურად მზად ვართ, თანადგომა გამოვუცხადოთ ამ პროცესს“, — განაცხადა მან.

კიდევ ერთმა პარლამენტარმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ სამინისტროდან კულტურის მიმართულება „უახლოეს მომავალში“ გამოიყოფა.

მასალების გადაბეჭდვის წესი