მთავარ პროკურატურაში არც იმას აცხადებენ, კონკრეტულად ვინ დაკითხა საგამოძიებო უწყებამ და როდის.
“ბესო ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, დაკითხულია ოჯახის წევრები. გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ჩვენ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, ერთადრთი შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახის წევრები დაკითხული არიან”,-აცხადებენ პროკურატურაში.
ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატის მალხაზ სალაყაია კი პროკურატურის მიერ ოჯახის დაკითხვის საკითხზე არ საუბრობს.
მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილმა, მიხეილ ხარძიანმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ მამამისის მკვლელობა მისმა მეორე ცოლმა ეკა ნონიკაშვილმა დაუკვეთა. მისი თქმით, ნონიკაშვილს სურს ბესიკ ხარძიანის ქონებას დაეპატრონოს. მისივე თქმით, ბესიკ ხარძიანი მკვლელობაში უსაფუძვლოდ ადნაშაულებენ გია უდესიანს და იგი მოუწოდებს ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადონ უდესიანს და მისი ოჯახს.
ბესიკ ხარძიანს თბილისში საკუთარ სადარბაზოში 28 მარტს ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ადვოკატ ლამარა კობალაძის განცხადებით, ბესარიონ ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს, ციხიდან 2012 წლის დეკემბერში გამოვიდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას ქონება უკანონოდ წაართვეს და მის დასაბრუნებლად იბრძოდა.
მკვლელობის შემდეგ, ხარძიანის ოჯახის წევრები და ახლობლები, მათ შორის მისი და აცხადებდნენ, რომ მოკლულის ერთადერთი მტერი გია უდესიანი იყო. უდესიანის გარდა ამ საქმეში სხვა მაღალჩინოსნების მონაწილეობის შესახებ საუბრობს მოკლულის ახლობელი და ჟურნალისტი ირაკლი კორძაია. ეს მაღაჩინოსნები შსს–ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი და ლაშა ნაცვლიშვილია, რომელიც არჩილ კბილაშვილის გენერალურ პროკურორად მუშაობის დროს მისი მოადგილე იყო.
რაც შეეხება გია უდესიანს, იგი 2008 წლამდე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მოადგილედ მუშაობდა. 2012 წლის ოქტომბერში “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ იგი საქართველოდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავიდა და თან ” სიტუაციას გაერიდა”.
