EMC აზარტული თამაშების წინააღმდეგ სახელმწიფოსგან აქტიური პოლიტიკის გატარებას ითხოვს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრისთვის სახელმწიფოსგან აქტიური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს.

როგორც ორგანიზაციაშია აცხადებენ, ხელმისაწვდომი კვლევების თანახმად, საქართველოში საგანგაშოდ მაღალია აზარტულ თამაშებში მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების, ჩართულობა.

EMC მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშების გავრცელება და სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობა ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული მოვლენებია და, ცალკეულ შემთხვევებში, ერთმანეთს განაპირობებენ კიდეც:

“აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის გვხვდება საცხოვრებლის დაკარგვა და უსახლკაროდ დარჩენა, ან უმძიმეს პირობებში, არასათანადო საცხოვრისში ცხოვრება, უმუშევრობა, სუიციდი და სხვა. არსებული გამოწვევები, მათი სიმწვავის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მყისიერ და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს. სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის კვლევები სუიციდის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად სწორედ თამაშზე დამოკიდებულებას მიუთითებენ”, – აცხადებენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში.

ორგანიზაციის განმარტებით, თამაშზე დამოკიდებულება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ერთ-ერთ დაავადებადაა აღიარებული და მას შესაბამისი კლასიფიკაციაც აქვს მინიჭებულ, რაც სახელმწიფოების მიერ შესაბამისი ზომების განხორციელების წინაპირობა უნდა გახდეს.

გარდა ამისა,EMC აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავის რეკომენდაციებში განსაკუთრებით უსვამს ხაზ სუიციდის პრევენციის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით სპეციალური სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობას:

“ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ამ სფეროში ეფექტიანი პოლიტიკის განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზი, პრობლემის მასშტაბის იდენტიფიცირება, სუიციდისა და სუიციდის მცდელობების გამომწვევი ფაქტორების ანალიზი და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაბამისი ინტერვენციების განხორციელება, ისევე, როგორც აღნიშნული საკითხების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება, სტიგმის აღმოფხვრა და მოსახლეობაში საკითხზე ინფორმირებულობის გაზრდა.

2014 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, რომელმაც 2015 – 2020 წლებში სახელმწიფოს მიერ გადასადგმელი ნაბიჯები მოიცვა. ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ 2015 – 2016 წლებში ქვეყანაში სუიციდის პრევენციის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას ითვალისწინებდა”, – წერია EMC-ს მიერ გავრცეელბულ განცხადებაში.

ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად ამ ვალდებულებისა, ასეთი ტიპის პროგრამები დღემდე არ შემუშავებულა, რაზეც თავის საპარლამენტო ანგარიშებში არაერთხელ მიუთითა საქართველოს სახალხო დამცველმაც:

“აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ჩამონათვალში ერთ – ერთი პროგრამული მიმართულების („ჯანმრთელობის ხელშეწყობა“) კომპონენტად გვხვდება „ნივთიერებადამოკიდებულების და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენცია“, რომელიც მიზნად ისახავს ზოგადი მოსახლეობის, მათ შორის, მოზარდების ცნობიერების ამაღლებას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ზოგადი ცნობიერების ამაღლების გარდა, აღნიშნული მიმართულება არ ითვალისწინებს შესაბამისი რისკ-ჯგუფების იდენტიფიცირებას და მათ მიმართ სპეციალური ინტერვენციების განხორციელებას, ასევე, თამაშზე დამოკიდებულების მქონე პირებთან მიმართებით რაიმე ღონისძიების, მათ შორის, რეაბილიტაციის სერვისების, განხორციელებას”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის შეფასებით, თამაშზე დამოკიდებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო რესურსები არაადეკვატურად გამოიყურება აზარტული თამაშების რეკლამირების დღეს არსებულ მასშტაბის ფონზე.

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული სოციალური საფრთხეების გათვალისწინებით, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა რეკლამების საჯარო ტრანსპორტზე განთავსება, ისევე, როგორც ფეხბურთის ეროვნული ლიგისთვის ერთ-ერთი ონლაინ სამორინის სახელწოდების დარქმევა. EMC მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, თამბაქოსა და ალკოჰოლური პროდუქტების მსგავსად, მკაცრ რეგულაციას დაექვემდებაროს აზარტული თამაშების რეკლამირებაც:

რეკლამის შეზღუდვა მნიშვნელოვანი იქნება აზარტული თამაშებისგან ბავშვების დაცვის კუთხითაც. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია იმის გათვალისწინებით, რომ აზარტულ თამაშებზე ბავშვების წვდომის კანონისმიერი აკრძალვის აღსრულება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ “აზარტული, ლატარიებისა და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლით იკრძალება “21 წლამდე ასაკის პირისათვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირისათვის − სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობის…

მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობაში) მონაწილეობა”, ხოლო აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით შეამოწმოს პირის ასაკი. აღნიშნული მუხლის აღსრულება და ახალგაზრდებისა და არასრულწლოვნების აზარტულ თამაშებში მონაწილეობის კონტროლი და აღკვეთა გამოწვევად რჩება. აღნიშნული პრობლემას წარმოადგენს ფიზიკურ სივრცეებში მოწყობილ და განსაკუთრებით სისტემურ-ელექტრონული წესით მოწყობილ, ე.წ. ონლაინ, თამაშებთან მიმართებით” ,- აცხადებენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში.

EMC-ს შეფასებით ასევე გამოწვევას წარმოადგენს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ფულის გათეთრების რისკები. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აშშ-ის დეპარტამენტის ფულის გათეთრების გლობალურ ანგარიშში არაერთხელ მოხვდა საქართველოს მზარდი და არასათანადოდ რეგულირებული აზარტული ინდუსტრია, როგორც ფულის გათეთრების განსაკუთრებული საფრთხის შემცველი სფერო.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მოუწოდებს:

საქართველოს მთავრობას 

  • განხორციელდეს სუიციდის პრევენციის ეფექტიანი მულტისექტორული პოლიტიკა, რამაც, მათ შორის, სუიციდის მიზეზებისა და რისკ-ჯგუფების იდენტიფიცირება, სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება, ისევე, როგორც სუიციდის პრევენციის პროგრამების დანერგვა და მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით მისაწვდომობის უზრუნველყოფა უნდა მოიცვას.
  • განხორციელდეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხის კვლევა, რისკ-ჯგუფების იდენტიფიცირება და მათ წინაშე არსებული გამოწვევების (უსახლკარობა, უმუშევრობა, სხვა ტიპის მოწყვლადობა) ანალიზი;
  • ეროვნულ დონეზე განხორციელდეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების აღიარება ჯანდაცვის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად და ამ პირებთან მიმართებით გატარდეს რეაქციული ზომები, მათ შორის, ასეთი პირების იდენტიფიცირება და მათთვის რელევანტური ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის უზრუნველყოფა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს

  • ურზუნველყოფილ იქნას “აზარტული, ლატარიებისა და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების (№611-№1013) შესაბამისად, აზარტულ და სხვა მომგებიან თამაშობებში 21 წლამდე ასაკის პირების მონაწილეობასთან დაკავშირებული აკრძალვების აღსრულება;

საქართველოს პარლამენტს

  • გონივრულ რეგულაციებში მოაქციოს ან აკრძალოს, სულ მცირე, აზარტული თამაშობების რეკლამა;
  • იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს სხვა ქვეყნებში ჩატარებულ კვლევებზე დაფუძნებული ლეგიტიმური არგუმენტები, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს აზარტულ თამაშებში საზოგადოების დიდი ნაწილის ჩართულობას ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკაზე, შეიქმნას მოკვლევის ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აზარტული თამაშების ეფექტს ეკონომიკის პროდუქტიულ სფეროებზე, სიღარიბესა და უთანასწორობაზე და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს აზარტული ინდუსტრიის რეგულირებასთან დაკავშირებით.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.