“რაც მე კორუფციის პოტენციურ პრობლემებზე ვთქვი, ძალიან სერიოზულია და მე ეს ვთქვი, როგორც საქართველოს მეგობარმა, იმიტომ, რომ ჩვენ ნამდვილად ვიბრძვით ინვესტიციების მოსაზიდად და განვითარებისათვის. მე პირადად ყოველდღიურად ვარ ჩართული აქ ინვესტორების შემოყვანის საქმეში. ჩვენ ერთად უნდა გადავჭრათ პრობლემა. მე ამას ვუყურებ როგორც რეფორმის ნაწილს ზოგიერთ ინსტიტუციასთან დაკავშირებით, მათ შორის სასამართლო ინსტიტუცია, ფინანსური დეპარტამენტი და შემდეგ, მე ვფიქრობ, ჩვენ გვექნება ძალიან კარგი გარემო ახალი ინვესტიციებისთვის”, – განაცხადა ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. მან არ დაასახელა კონკრეტული საქმეები, თუ რომელი ბიზნესმენები დაზარალდნენ რეგიონში კორუფციის შედეგად:
“ჩვენამდე მოდის შეშფოთებები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ინვესტორების მხრიდან. ჩემი, როგორც ელჩის, საქმე არ არის ბრალის დადება, მე არ ვარ მოსამართლე, მე მხოლოდ ამ საკითხების წამოწევა შემიძლია, შესაბამისი პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტები და მთავრობა მოახდენს რეაგირებას. ეს არის ჩემი მიზანი”, – განაცხადა ბეხლერმა და დასძინა, რომ მისი დაკვირვებით საქართვეოს ხელისუფლებას აქვს ინტერესი ინვესტორებისთვის უფრო მეტად უსაფრთხო გარემო შექმნის თვალსაზრისით.
“არსებობს ზოგადი აღქმა, რომ რეგიონში არის პრობლემები, პოტენციური კონფლიქტები, უსაფრთხოების რისკები და გეოპოლიტიკური პოლარიზაცია. როდესაც არის ქვეყანაში შიდა რისკები – მოულოდნელი საგადასახადო პრობლემები ან ჯარიმები, ეს შეიძლება, განხილულ იქნას, როგორც რისკები ინვესტორებისთვის. უცხოელი ინვესტორები ჩივიან, რომ მათ აიძულებენ, გადაიხადონ გადასახადები ან ჯარიმები, რომლებიც გაუმართლებელია ან დაკავშირებულია წინა ხელისუფლების გაურკვეველ საგადასახადო დავებთან. თუ ეს მართალია, ის გავლენას მოახდენს ინვესტორების გადაწყვეტილებებზე და ხელს შეუშლის ხელისუფლების მცდელობებს, მიიღონ მეტი ინვესტიცია საქართველოში. უცხოელი ინვესტორები ჩივიან, რომ სასამართლოში საქმეს აგებენ ძალიან უცნაური გარემოებებითა და მტკიცებულების გამოყენებით”,-აცხადებს ბეხლერი FINANCIAL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც “ტაბულამ” გაავრცელა.





