“მომსახურეობის სააგენტოს გარდა ინტერნეტ-აუქციონს აქვს ჩვეულებრივი მაღაზიები, სადაც შესაძლებელია ადამიანი მივიდეს და შეიძინოს. მე ერთს გეტყვით, რომ ის ავტომანქანა, რაც ბატონმა ზურაბმა შეიძინა, ჩვეულებრივი ვაჭრობის შედეგად და საბაზრო ფასად გაიყიდა. 42 ბიჯი იყო დადებული. ეს არ ყოფილა ჩაკეტილი აუქციონი. კანონი არ იყო დარღვეული, თუმცა, ჩემი აზრით, ბატონმა ზურაბმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, მორალური პასუხისმგებლობა აიღო და მან დატოვა თანამდებობა”, – ამბობს ხადური.
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორმა ზურაბ ახალკაციშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გუშინ, 22 აპრილს განაცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მის მიერ კანონის შესაძლო დარღვევაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო მიიღო.
ინფორმაცია ახალკაციშვილის მიერ კანონის შესაძლო დარღვევაზე “პრველმა რადიომ” გაავრცელა. სტატიის თანახმად, ანონიმურმა წყარომ პირველ რადიოს მიაწოდა დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ მომსახურების სააგენტოს დირექტორი საკუთარი უწყების მიერ გამოცხადებული აუქციონით თავად სარგებლობდა.
ზურაბ ახალკაციშვილი აცხადებს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ქონდა, თუმცა მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ზურაბ ახალკაციშვილი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურ დირექტორად 2013 წელს დაინიშნა. 2012-2013 წლებში ამავე სააგენტოში გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი შპს “სან პეტროლეუმ ჯორჯიაში” (“გალფი”) ავტოგასამართ სადგურის მენეჯერი იყო.





