ახალი ამბები

ნორლანდი: საქართველოს შეუძლია კარგი რჩევა მოგვცეს ISIS-ის პრობლემის მოგვარებისთვის

22 აპრილი, 2015 •
ნორლანდი: საქართველოს შეუძლია კარგი რჩევა მოგვცეს ISIS-ის პრობლემის მოგვარებისთვის

“პრობლემა ხშირ შემთხვევაში არის მსგავსი იმ დინამიკისა, რომელიც გვაქვს ევროპაში და თუ გნებავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს უკავშირდება ახალგაზრებისთვის ბინების მიცემას, სამუშაოს მიცემას, ისეთის, რომ ISIS-ის განცხადება გახდეს არამიმზიდველი მათთვის. ესეც ითხოვს ყველა ძალისხმევას – სოციალურსა თუ ეკონომიკურს, სულიერების ჩათვლით.


ჩვენ შევნიშნეთ, პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა პანკისს, ანუ საქართველოს ხელისუფლება საუბრობს; ეს პრობლემა ითხოვს ასეთ მრავალფორმატიან მიდგომას და არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებზე დაფუძნებულ მიდგომას. რასაკვირველია, ამაში საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს გვერდში უდგას”, – აცხადებს რიჩარდ ნორლანდი “ბათუმელებთან” საუბარში.


რიჩარდ ნორლანდის თქმით, აშშ-მ და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ გადაწყვიტა, თუ როგორ უნდა გააერთიანონ ძალისხმევა ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” საბრძოლველად.


“მაგრამ თუ შევხედავთ კოალიციის ლიდერების განცხადებებს, ნათელია, რომ არ არის ერთი რომელიმე ცალკეული გზა გამოკვეთილი. არა მხოლოდ უსაფრთხოების პრობლემა, ეს არის სოციალური პრობლემა, ეკონომიკური პრობლემა, სულიერების პრობლემა. ეს საფრთხე მომდინარეობს ამ პრობლემებიდან, უსამართლობიდან. ყველა ელემენტი ჩვენი გავლენისა, ძალისა უნდა იყოს ჩართული, რომ გამკლავება მოხერხდეს. ყველა საშუალება და რესურსი უნდა იყოს ჩართული, მათ შორის ზოგიერთი ფიგურისა თუ სულიერი ლიდერისაც”, – აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში.


მისივე თქმით, ამ მხრივ საქართველოს შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი:


“საქართველოს აქვს დიდი გამოცდილება მულტიკონფესიური საზოგადოების ტოლერანტული ფორმით არსებობისა. რაც დღეს ხდება ერაყში, ავღანეთში სამხედრო გზით, საქართველოს აქვს ის შესაძლებლობა, რომ მოგვცეს კარგი რჩევა, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც პარტნიორმა ამ პრობლემის მოგვარებაში”.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ პანკისის ხეობიდან საქართველოს ორი მოქალაქე წავიდა სირიაში ISIS-ის რიგებში საბრძოლველად, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი, რომელმაც საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთა. ამას გარდა, არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხდება ახალგაზრდების მობილიზება და გაყვანა სირიაში “ისლამური სახელმწიფოსთვის” საბრძოლველად. ამ ბრძოლებში საქართველოს ათამდე მოქალაქეა დაღუპული.

 

რიჩარდ ნორლანდი
რიჩარდ ნორლანდი

მასალების გადაბეჭდვის წესი