ჩინეთის მთავრობამ შემოიღო რეგულაცია, რომლის თანახმადაც მოზარდებს ონლაინ ვიდეოთამაშის დრო შეეზღუდებათ. კერძოდ, ისინი ვეღარ შეძლებენ საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე თამაშს. ინფორმაციას ავრცელებს ჩინური სახელმწიფო მედია და BBC.

გარდა ამისა, არასრულწლოვნებს სამუშაო დღეებში ეკრძალებათ 90 წუთზე მეტი თამაში, ხოლო დასვენების დღეებსა და დღესასწაულების დროს მაქსიმალური დრო 3 საათია. რეგულაციის აღსრულებისთვის ყველა სათამაშო პლატფორმას დაავალდებულებენ, მომხმარებელთა იდენტიფიკაცია სავალდებულო გახადონ.

ჩინეთის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ასე მოხერხდება არასრულწლოვანთა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა. მათივე თქმით, თანამშრომლობენ პოლიციასთან, რათა იდენტიფიკაციის სისტემა შეიმუშაონ.

ვიდეოთამაშების ჩინური ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მზარდია. 2019 წლის პირველ კვარტალში ჩინეთში 640 მილიონი მოთამაშეა, დიდი ნაწილი (65%) მოდის მობილურ თამაშებზე. 2018 წლის მონაცემებით, ჩინური ვიდეოთამაშების ბაზრის მოცულობა 34,4 მილიარდი დოლარია.